აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვისა და გაუმჯობესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს მმართველი გუნდი ეხმაურება. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და მისი მოადგილის, კრისტოფერ ლანდაუს გზავნილების ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ გორდულაძე აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-სთან თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთვის მიუღებელი იყო და ახლა საჭიროა, დეკლარირებული პოზიტიური განწყობები კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებში აისახოს.
"ჩვენ ვითხოვთ ძალიან მარტივს - პატივისცემას და თანასწორობას და, შესაბამისად, პატივისცემაზე და თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. იმედი გვაქვს, რომ ის ტრაექტორია, რომელიც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას, რომელიც, ზემოდან ყურებით და გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე, სისტემურად და სისტემატურად არღვევდა საქართველოსა და აშშ-ს შორის წლობით ნაშენებ ურთიერთობებს, ეს ყველაფერი შეიცვლება. სამწუხაროდ, არსებობს კვლავ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც აშშ-ში მიღებულ იქნა წინა ადმინისტრაციის დროს და ეს გადაწყვეტილებები არ შეცვლილა. ასევე, არის გამოხატული პოლიტიკურ დონეზე თანხვედრა ღირებულებებს შორის და მნიშვნელოვანია, რომ ზეპირად გამოთქმულ ღირებულებებთან დაკავშირებული თანხვედრა, ამავდროულად, პრაქტიკულ ქმედებებშიც გადაითარგმნოს," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.