04 ივნისი 2026,   22:01
ვრცლად
ჯაშუშობის სკანდალი ფრანგულ მედიაში და საქართველოდან გაწვეული დაზვერვის ორი აგენტი - რა ზომები მოჰყვა მამუკა მდინარაძის მიერ არაერთხელ გაკეთებულ გამაფრთხილებელ განცხადებას

ვიცე-პრემიერის პირველივე გაფრთხილებას დამატებითი განმარტებაც არ სჭირდებოდა, თუმცა, ყველასთვის გასაგები მაინც ვერ აღმოჩნდა და რამდენიმე ქვეყანამ საქართველოში დაზვერვითი სამუშაოები მაინც გააგრძელა.

შედეგმაც არ დააყოვნა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ერთი პირი დააკავა.

ვინც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიერ გაკეთებული ეს მინიშნებაც ვერ გაიგო, პასუხი სუს-ისგან მიიღო - ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, 2-ს კი ჯაშუშობისთვის ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს.

გზავნილი ვერც რამდენიმე ქვეყანამ და ვერც მათთვის მომუშავე საქართველოს მოქალაქეებმა ვერ გაიგეს. ვიცე-პრემიერმა კი, პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებიც გააფრთხილა, რომ საქართველოს სხვა ქვეყნების დაზვერვის სამსახურების გამოვლენა მარტივად შეუძლია.

სპეცსამსახურმა უკვე 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი გიორგი უძილაური დააკავა. როგორც სუს-ში ითქვა, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით გამოვლინდა, რომ უძილაურს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია, ქვეყნის გარეთ გაჰქონდა.

ეს ფარული ვიდეო მასალა სუს-მა 8 მაისს, სწორედ მამუკა მდინარაძის მიმართვის შემდეგ გაავრცელა. კადრებში ჩანს, როგორ იღებს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი კონსპირაციულ შეხვედრაზე ინსტრუქტაჟს.

სახელმწიფო მინისტრის ამ განცხადებას პოზიტიური შედეგი და გამოხმაურება სხვადასხვა ქვეყნიდან მალევე მოჰყვა.

თუმცა, მათ ვინც ვიცე-პრემიერის გზავნილი ისევ არ გაითვალისწინეს, სამართალდამცავი უწყებების პასუხიც მალე მიიღეს. ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშური საქმიანობის ფაქტზე დაკავებულ პირთა დანაშაულის მასშტაბურობა 30 მაისს ბრიფინგიდან გაირკვა. გულბაათ რცხილაძე და ირაკლი ჩიხლაძე - ეს იმ ადამიანების სახელი და გვარებია, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების საფარქვეშ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით მუშაობდნენ. გაირკვა ისიც, რომ გულბაათ რცხილაძე წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, ორი სხვადასხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობდა.

ის, რაზეც ვიცე-პრემიერი ღიად არ საუბრობდა და მხოლოდ მინიშნებებს აკეთებდა, ფრანგულმა მედიამ გახადა საჯარო. Intelligence Online წერს, რომ პარიზმა თბილისიდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია მას შემდეგ, რაც საქართველოში გიორგი უძილაური დააკავეს.

ფრანგულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია ქართველი ექსპერტებისთვის პირდაპირი აღიარებაა, რომ საფრანგეთის სპეცსამსახური საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობდა. მათი გამოვლენა კი, საქართველოს სპეცსამსახურების მუშაობის უმაღლეს დონეს ადასტურებს.

ჯაშუშობის ბრალდებით 10-მდე პირია დაკავებული. გახსნილი საქმეები საქართველოს სამართალდამცავი უწყებების იმ უმაღლეს სტანდარტს ადასტურებს, რომლის დამკვიდრებასაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დღემდე აქტიურად ცდილობენ.

დღის ამბები