04 ივნისი 2026,   22:02
ვრცლად
პრემიერ-მინისტრისა და მშობლების მეორე შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა - სახელმწიფო დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს მედიკამენტებით უზრუნველყოფს

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული მეორე შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა. გადაწყვეტილება მიღებულია. დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს სახელმწიფო მედიკამენტებით უზრუნველყოფს.

4 მედიკამენტიდან 2 პრეპარატს დიუშენით დაავადებული პაციენტები დაახლოებით 2 თვეში მიიღებენ. სამუშაო პროცესი დაწყებულია.

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრსა და დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს შორის დღევანდელი შეხვედრა რიგით მეორე იყო. შეხვედრიდან ერთ საათში ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება შედგა. სპეციალისტების, ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლების მიერ დაკომპლექტდება სპეციალური სამუშაო ჯგუფი და მათი ერთობლივი მუშაობით ფარმაცევტულ კომპანიებთან კონკრეტულ 2 მედიკამენტის შეძენაზე მოლაპარაკებები დაიწყება.

ორივე პრეპარატი, რომლითაც სახელმწიფო იშვიათი დაავადების პაციენტებს უზრუნველყოფს, სხვა სახელმწიფოებში გამოიყენება. მშობლებისთვის ორივე მედიკამენტი მისაღებია და ამბობენ, რომ მუშაობა გაგრძელდება დანარჩენ 2 პრეპარატთან დაკავშირებითაც.

მშობლების ჩართულობით დღეიდან შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროში გაგრძელდება. მინისტრის განცხადებით, ერთობლივი მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პროცესში მშობლები და პაციენტები სრულად ინფორმირებული იქნებიან, რაც საერთო შედეგისთვის აუცილებელია. 

დიუშენის სინდრომით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მთავრობის ადმინისტრაციაში პირველი შეხვედრა გუშინ შედგა, პრემიერ მინისტრთან შეხვედრის დროს მშობლებმა მიიღეს პირობა, რომ მორიგი კონსულტაცია კვირის ბოლომდე გაიმართებოდა, თუმცა ირაკლი კობახიძე მათ დღეს დღის მეორე ნახევარში კიდევე ერთხელ შეხვდა და კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. მომდევნო 2 თვის განმავლობაში სახელმწიფო იშვიათი დაავადების მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტებს შეიძენს.

დღის ამბები