2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი მექსიკა-სამხრეთ აფრიკა მექსიკის გამარჯვებით 2-0 დასრულდა.
"ელ კოლოსო დე სანტა ურსულას" ისტორიულ სტადიონზე, 2026 წლის ჩემპიონატის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთის პირისპირ მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრებები აღმოჩნდნენ. მატჩი, მასპინძლების, მექსიკის გამარჯვებით დასრულდა.
მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა - თავი ხულიან კინიონესმა გამოიჩინა, რომლის გოლიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მუნდიალების გახსნით შეხვედრებში გასული ყველაზე სწრაფი გოლი გახდა.
მექსიკელებმა უპირატესობის განმტკიცება მეორე ტაიმში შეძლეს. მატჩის 67-ე წუთზე, რობერტო ალვარადოს ზუსტი გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმით გოლი რაულ ხიმენესმა გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა "რუსთავი 2-ზე" მაყურებელმა უკვე იხილა, არხი კი 19 ივლისის ჩათვლით FIFA 2026-ის ყველა მატჩის ტრანსლაციას გააგრძელებს.
ჩემპიონატის მიმდინარეობისას ერთმანეთს 8 კომენტატორი შეცვლის, ისინი სამი ქვეყნიდან 104-ვე მატჩს წაიყვანენ.
რეკორდების და სრულიად განსხვავებული ემოციების მსოფლიო ჩემპიონატი, ისტორიაში პირველად 48 საუკეთესო ნაკრებს, 3 გიგანტ მასპინძელ ქვეყანას, 16 ულტრათანამედროვე სტადიონსა და 104 დაუვიწყარ მატჩს აერთიანებს.
მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება ერთდროულად სამ ქვეყანაში - აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში.