19 ივნისი 2026,   15:22
ვრცლად
თინათინ ნიბლოშვილმა ბექა ოდიშარიასთან და მათე ტაკიძესთან ერთად პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ ესტუმრნენ, სადაც კოლეჯის დირექტორ მათე ტაკიძესთან ერთად თურქეთში მცხოვრებ ქართველ ადემ თურანს შეხვდნენ და პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

საკრებულოს წარმომადგენლებმა და კოლეჯის დირექტორმა სტუმრებს კოლეჯის საქმიანობა გააცნეს, დაათვალიერებინეს სასწავლებლის ინფრასტრუქტურა და გააცნეს ის საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები, რომლებიც პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ ხორციელდება.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე და დასახეს ერთობლივი პროექტების განხორციელების გეგმები, რომლებიც სტუდენტების გაცვლით პროგრამებსა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას ითვალისწინებს.

თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა იმ თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელსაც საფუძველი გასული წლის შემოდგომაზე ჩაეყარა.
„ეს არის იმ თანამშრომლობის გაგრძელება, რომელსაც საფუძველი შემოდგომაზე ჩაეყარა, როდესაც თურქეთში, კერძოდ, ბურსასა და ორჰანგაზში, ვიმყოფებოდით. მაშინ გავიცანით თურქეთში მცხოვრები ქართველები, მოვინახულეთ ქართული სოფლები და სამომავლო თანამშრომლობის გზები დავსახეთ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას, განაცხადებით, თურქეთში საკრებულოს წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგად ავეჯის მწარმოებელმა უმსხვილესმა თურქულმა კომპანია „სალონმა“ (Saloni) ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, პარტნიორობის ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც თურქულ მხარეს თბილისში მოქმედ უმაღლესი სტანდარტების მქონე პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობის კონკრეტული ხედვა შესთავაზა.

"აღნიშნული ინიციატივა უკვე სრულად არის შეთანხმებული და მხარდაჭერილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
„კომპანია „სალონის“ წარმომადგენლებს დავათვალიერებინეთ კოლეჯ „სპექტრის“ თანამედროვე ბაზა და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები. სამომავლო გეგმების დასახვისთვის უკვე დაიგეგმა მომდევნო საქმიანი ვიზიტი ქალაქ ბურსაში „სალონის“ წარმომადგენლებთან და ბურსის რეგიონის ქართული დიასპორის ლიდერებთან. ამ პროცესის საბოლოო მიზანია, ავეჯის წარმოების მიმართულებით ამ ლიდერი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და მისი სრული ინტეგრაცია ადგილობრივ პროფესიულ განათლებაში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

პროფესიული კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ შეხვედრის მონაწილეებს სასწავლებლის საქმიანობა და სამომავლო განვითარების გეგმები გააცნო.

,,ასეთი ურთიერთობები ხელს უწყობს როგორც პროფესიულ განვითარებას, ასევე ბიზნესის გაძლიერებას, რადგან პროფესიონალი კადრების მომზადება და მათი ხელმისაწვდომობა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საბოლოო ჯამში, ეს ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ წარმატებული იყოს საზოგადოება, ბიზნესი და მთლიანად ქვეყანა“, – აღნიშნა მათე ტაკიძემ.

მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელებისა და პროფესიული განათლების სფეროში ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვეს.

დღის ამბები