ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, კორუფციის აღკვეთა, ოჯახური ძალადობა, ადამიანის უფლებები, პასუხისგებაში მიცემული ე.წ. კანონიერი ქურდები - ეს იმ საქმეთა მცირე ჩამონათვალია, რაზეც აქცენტი გენერალურმა პროკურორმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, 2025 წელს გაიზარდა ნარკორეალიზატორების გამოვლენის რიცხვი.
2025 წელს მზარდი იყო კორუფციულ დანაშაულზე რეაგირების შედეგებიც - გიორგი გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურაში კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტიც შეიქმნა, რომელიც მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდა. შედეგი პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშიც აისახა.
გენერალური პროკურორის ვრცელი ანგარიში არაერთ მნიშვნელოვან თემას მოიცავდა. საუბარი იყო, თუ როგორ შემცირდა ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა, გამოვლენის მაჩვენებელი კი გაიზარდა. გიორგი გვარაკიძემ დეტალურად ისაუბრა პროკურატურის საქმიანობასა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. თუმცა, გიორგი გახარიას პარტიის წევრები მხოლოდ თავისი ლიდერის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი საქმეებით დაინტერესდნენ.
გახარიას პარტიამ მხოლოდ გახარიაზე სასაუბროდ გამოიყენა ფრაქციისთვის განკუთვნილი განცხადების დროც. არ დააყოვნა პასუხმაც. "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტებს მათი ლიდერის წარსული ქმედებები შეახსენა.
სანამ გახარიას გუნდი ლიდერის მიმართ დაწყებული გამოძიების შედეგს ელოდება, გენერალური პროკურატურა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეებზე მუშაობას განაგრძობს. არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად თბილისის პროკურატურაში არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველო შეიქმნა, რომლის მუშაობის შედეგებიც გენერალურმა პროკურორმა დეპუტატებს გააცნო. გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, რაც ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში გამოიხატებოდა.
გიორგი გვარაკიძემ პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ვრცელი ანგარიში დეპუტატებს ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე წარუდგინა და კანონმდებლების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა.