"იყო მცდელობა, რომ ევროკავშირი რელიგიად წარმოედგინათ, ხელშეუხებელ უმაღლეს სიკეთედ, რომელსაც შეუძლებელია რაიმე წუნი და ხინჯი ჰქონდეს, ასე არ არის, ასე არც არასდროს ყოფილა ისტორიაში," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი შეფასებით, შეუძლებელია რომელიმე ქვეყანამ სხვა ქვეყანაზე იმაზე მეტად იფიქროს, ვიდრე იმ ქვეყნის მოქალაქეებმა.
"თავად ის ფაქტი, რომ კანდიდატ ქვეყანას, პარტნიორს, რომელიც ამ ქვეყანასთან ერთად ზოგიერთ მისიაში იბრძოდა, სისხლს ვღვრიდით ერთად, აქ ჩვენ ჯაშუშობას გვიწყობენ. ამას რომ კადრულობენ პარტნიორულ ურთიერთობაში, ეს ხომ აჩვენებს იმას, რომ შემდეგ რომ მოვა ამ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც არ დასახელდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცნობილია, მათ შორის, ჩემთვისაც და მაღალ მატერიებზე გვესაუბრება, მას რა უნდა ველაპარაკოთ. ჩვენი მოქალაქეები გადაიბირეს, ფულზე ამუშავეს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, საერთოდ რა ევროპაზე უნდა ელაპარაკო ასეთ ქვეყანას.
იყო მცდელობა, რომ ევროკავშირი რელიგიად წარმოედგინათ, ხელშეუხებელ უმაღლეს სიკეთედ, რომელსაც შეუძლებელია რაიმე წუნი და ხინჯი ჰქონდეს, ასე არ არის, ასე არც არასდროს ყოფილა ისტორიაში და არც არასდროს იქნება, ვინაიდან ეს არის ცივი გათვლებით მოქმედი ქვეყნები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, საკუთარ ინტერესებს უყურებენ, აქვთ საკუთარი ეკონომიკური, პოლიტიკური ინტერესები და გადააყოლებენ ნებისმიერ სხვა ერს, თუკი მათი ერის ინტერესი არის. მგონი ჩვენ ეს ვარდისფერი სათვალეები უნდა მოვიხსნათ. ტვინის გამორეცხვის ერთ-ერთი შედეგი ის არის, როდესაც უშვებ საერთოდ იმას, რომ უცხოელი შენს ინტერესზე უფრო მეტად იფიქრებს, ვიდრე შენ. ამ აზრს რომ უშვებ, ესეც კი აჩვენებს, თუ რამხელა რესურსი იყო ჩადებული ადამიანების ტვინის გამორეცხვაში და იმას დაჯერებაში, რომ შენ უცხო ქვეყნის დროშა უნდა გეჭიროს. გამოდიან, საუბრობენ, თითქოს რაღაც ეროვნული მიზნები აქვთ და სხვა ქვეყნის დროშა უჭირავთ. ეს ხომ არის აბსოლუტური ბიპოლარული აშლილობა. როგორ შეიძლება შენ ეროვნული მიზნებით ისაუბრო, სხვა ქვეყნის დროშა გეჭიროს, სხვა ქვეყნის ჰიმნს მღეროდე და სლოგანებს ისროდე სხვა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.