24 ივნისი 2026,   23:10
ვრცლად
საქართველოს გარეშე საქართველოზე მიღებული რეზოლუცია - მმართველი გუნდი ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტზე საუბრობს

ევროპარლამენტის შემდეგ ევროსაბჭო, სტრასბურგის პარალელურად ბრიუსელი - ისევ რეზოლუციები და ისევ საქართველოს გარეშე მსჯელობა საქართველოს მომავალზე.

ბრიუსელში დღეს საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების საკითხები განიხილეს, სადაც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ფუნქციის მქონე საქართველო არ მიიწვიეს. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანა ყველა საერთაშორისო პარამეტრით უსწრებს ყველა კანდიდატს ქვეყანას. ამას კი თავად ევროსტრუქტურების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან ორმაგ სტანდარტს მიჩვეულები არიან. მათ შორის იმასაც, რომ დიალოგისკენ მოწოდების პარალელურად ბრიუსელი თავადვე კეტავს სივრცეს ჯანსაღი დისკუსიისთვის.

წინასწარ შერჩეულმა შემადგენლობამ ბევრი ისაუბრა გაფართოების მნიშვნელობაზე, თუმცა არაფერი უთქვამთ შუა დერეფანში გეოსტრატეგიული მდებარეობის საქართველოზე. სამაგიეროდ ახსენეს უკრაინის და მოლდოვას პროგრესი. საპასუხოდ კი თავად ევროპარლამენტარებისგანვე მიიღეს კრიტიკა, თუ როგორ ასცდა ევროკავშირი ფუნდამენტურ ღირებულებებს.

ის, რაც ევროპარლამენტართა ნაწილისთვის სადამფუძნებლო პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის, ევროკავშირის თანმიმდევრული მიდგომებია თბილისში ოპოზიციისთვის და ობიექტურს უწოდებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგ რეზოლუციასაც.

"დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში" - ამ სახელწოდების რეზოლუციით PACE აცხადებს, რომ ერთგული რჩება საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე ყველა პოლიტიკურ ძალასთან ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის მიმართ. ეს მაშინ, როცა ამავე დოკუმენტში მეორდება წინა რეზოლუციის პათოსი, რომლის გამოც ქართულმა მხარემ ასამბლეის სხდომებში მონაწილეობა შეაჩერა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს სტრუქტურა საკუთარ პოლიტიკურ წონას აუფასურებს, როდესაც კონკრეტული ძალების სუბიექტური დამოკიდებულების გამო უგულებელყოფს ქართველი ხალხის ნებას და პატივს არ სცემს ქვეყნის სუვერენიტეტს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ, ევროპარლამენტში მიღებული ანალოგიური შინაარსის დოკუმენტი, რომელიც იდენტური ტექსტებით იმეორებდა იგივე მოთხოვნებს, რასაც ევროპარლამენტის ყველა წინა რეზოლუცია. რასა იუკნევიჩიანეს ავტორობით შემუშავებული პროექტი თბილისში მორიგ ანტიქართულ და ანტიდემოკრატიულ დოკუმენტად შეფასდა.

დღის ამბები