ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის, ასტანაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ყაზახეთი, საქართველოსთან სტრატეგიული კავშირების გაღრმავების ფარგლებში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის მეშვეობით, ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.
მედიის ინფორმაციით, განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც ყაზახეთი აგრძელებს თავისი საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) მეშვეობით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი.
როგორც Euronews-ი წერს, ამ მარშრუტზე სატრანზიტო მოძრაობის მოცულობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. 2029 წლისთვის, ყაზახეთი ვარაუდობს, რომ ყოველწლიურად 3000-მდე კონტეინერმზიდი მატარებელი იმოძრავებს ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი კორიდორის გასწვრივ - ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
"ჩვენ ვგეგმავთ ნავთობის მიწოდების გაზრდას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში მუშაობა უკვე მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს მომავლის ახალი პრიორიტეტების განსაზღვრას", - ციტირებს მედია ტოკაევის განცხადებას.
პარალელურად, ასტანა გეგმავს საქართველოს შავი ზღვის პორტებში საკუთარი ყოფნის გაფართოებას.
ბათუმის ნავთობტერმინალისა და ფოთის მულტიმოდალური ტერმინალის გარდა, სადაც გასულ წელს ყაზახური ინვესტიციით ახალი ინფრასტრუქტურა გაიხსნა, პერსპექტიულ მიმართულებად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი დასახელდა.
ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება - გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ 184.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში კი მაჩვენებელმა 53 მილიონს მიაღწია. ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია.
ორ ქვეყანას შორის შეთანხმება შედგა აგრარული პროდუქციით ვაჭრობის გაფართოებასა და ერთობლივ საინვესტიციო პროექტებზე. 2025 წელს აგრარული პროდუქციით ვაჭრობა 77%-ით გაიზარდა და 116 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შეაფასა და სტრატეგიული თანამშრომლობის დამყარებას მიესალმა.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ინოვაციებისა და ტურიზმის განვითარების საკითხები.
კერძოდ, იგეგმება საჰაერო მიმოსვლის გაფართოება, რაც ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს. შეხვედრა დასრულდა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადებისა და კულტურის, ციფრული განვითარებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმების ხელმოწერით.