14 ივლისი 2026,   23:39
ვრცლად
"ბეთლემი," რომელიც სოციალურად დაუცველ, ხანდაზმულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დაეხმარება - ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრი აშენდება

ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრი აშენდება. ცენტრი "ბეთლემი" 24 საათის განმავლობაში, იმ ადამიანებს მოემსახურება, რომლებსაც მზრუნველობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, რომ ამ მასშტაბური პროექტის განხორციელება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრავალწლიანი ოცნება იყო.

მეუფე დიმიტრიმ ახალი შენობის საძირკველი აკურთხა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ირაკლი კობახიძემ მრავალფუნქციური ცენტრის მნიშვნელობაზე საუბრისას, განმარტა რომ ახალი კომპლექსის მთავარი მიზანი ადამიანებზე ზრუნვა იქნება.

კომპლექსი 11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენდება. აქ განთავსდება მოხუცთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თავშესაფარი 150 მობინადრეზე. კომპლექსში ფუნქციონირებას დაიწყებს 100 ხანდაზმულზე გათვლილი დღის ცენტრი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სადაც ინკლუზიური სწავლების ჯგუფები ჩამოყალიბდება. ახალი კომპლექსის ტერიტორიაზე წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარიც აშენდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დღესვე, სოფელ კვირიკეში წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაც დაათვალიერა.

სამონასტრო კომპლექსი 3 გუმბათოვან ტაძარს, სამრეკლოს, სატრაპეზოს და გიმნაზიას მოიცავს. გიმნაზიის შენობაში განთავსდება სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრი ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი ტრადიციულ რელიგიურ დისციპლინებთან ერთად კომპიუტერულ მეცნიერებებს და სხვა დარგებს შეისწავლიან.

დღის ამბები