მოძრაობის, მუსიკის, მოგონებებისა და ადამიანური კავშირების ცოცხალი მოგზაურობა - დადგმა, რომელიც პინა ბაუშის განუმეორებელ მხატვრულ ენას ასახავს. დასი ვუპერტალიდან თბილისში იმ უნიკალური გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდა, რომელიც წლების წინ, პორტუგალიაში შეიქმნა და მას შემდეგ მსოფლიოს ცნობილ სცენებს იპყრობს.
„მაზურკა ფოგო“ - ნოვატორი ხელოვანის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი შედევრია. მისი პრემიერა 1998 წელს, ვუპერტალში შედგა და დღემდე თანამედროვე ცეკვისა და თეატრის ისტორიაში საეტაპო ნამუშევრად რჩება.
წარმოდგენაში პიტერ პაბსტის სცენოგრაფია და მარიონ ციტოს კოსტიუმებია გამოყენებული. მდიდარი მუსიკალური პალიტრა კი, ამალია როდრიგესიდან და დიუკ ელინგტონიდან, ბადენ პაუელამდე კომპოზიციებს აერთიანებს.
პორტუგალიური ცხოვრების სტილით გაჯერებული ნამუშევარი პინა ბაუშის უნიკალურ სამყაროში ქართველ მაყურებელს სამი დღის განმავლობაში ამოგზაურებს. დასი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა თანამედროვე თეატრი წარმოდგენას 17-დან 19 ივლისის ჩამოთვლით გამართავს.
თბილისის ბალეტის ფესტივალის მეშვიდე სეზონის მთავარი მოვლენა და საფინალო აკორდი სწორედ „მაზურკა ფოგო". ამ ისტორიული გასტროლით კი, თბილისი მსოფლიო კულტურული რუკის ცენტრში კიდევ ერთხელ ექცევა.
პინა ბაუში დასს 36 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. არტისტმა 47 ნამუშევარი შექმნა. ვუპერტალის თეატრის დასი დღესაც აქტიურად აგრძელებს მის შემოქმედებით გზას და ცდილობს მისი მემკვიდრეობის შენარჩუნებას.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი