17 ივლისი 2026,   21:53
ვრცლად
ფორუმზე მარკო რუბიოს მიწვევით - მაკა ბოჭორიშვილმა ვაშინგტონის სამიტზე პოლიტიკური ტერორიზმის გამოწვევებზე საქართველოს მაგალითზე ისაუბრა

პოლიტიკური ტერორიზმის გამოწვევაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს მაგალითზე ისაუბრა. პოლიტიკური ძალადობის ტალღის, გარე დაფინანსებით წახალისებული რადიკალური ძალების ინტერესებსა და მიზნებზე მაკა ბოჭორიშვილმა ვაშინგტონში გამართულ საგანგებო მინისტერიალზე გააკეთა აქცენტი. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, გლობალური პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ვაშინგტონში შეკრებილ 60-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელთან ერთად იმსჯელა და თქვა, რომ საქართველო მასშტაბური გამოწვევის ერთ-ერთი მაგალითია.

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში მიმდინარე საერთაშორისო სამიტის მიზანი კონკრეტულია-60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლის ინტერესია ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაძლიერება და ერთობლივი თავდაცვის სტრატეგიის შემუშავება, რომლებიც პოლიტიკური და მემარცხენე ტერორიზმის წინააღმდეგ იქნება მიმართული. სამიტის სტუმრებს საგანგებო სიტყვით მიმართა შტატების არაერთმა მაღალჩინოსანმა. სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, საფრთხეები რეალურია და რეაგირებაც აუცილებელი.

ის, რაზეც ოფიციალური ვაშინგტონი საუბრობს, ოფიციალური თბილისისთვის ნაცნობი პრობლემაა. ვიცე პრემიერის განცხადებით, პოლიტიკური ტერორიზმი საქართველოსთვის მძიმე გამოცდილებაა. მამუკა მდინარაძის თქმით, გვიან, თუმცა ამ პრობლემაზე ღიად უკვე შტატებშიც მსჯელობენ. სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით იმყოფება ქართული მხარე ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალზე.

ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივით, პირველად იქმნება სტრატეგია რადიკალური მემარცხენე ტერორიზმის დასამარცხებლად. დონალდ ტრამპის ინიციატივებს არაერთი სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენლები, და ექსპერტები ეცნობიან. ქართული ოპოზიციის ნაწილი კი, მინისტერიალის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს და ამბობს,რომ ფორმატი ვიწრო პროფილისაა. მმართველი პარტია კი, ქვეყნის შიგნით ოპონენტებს, ქვეყნის ფარგლებს მიღმა კი მათ მომხრეებს შეახსენებს, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფის უფლებას არავის მისცემენ.

გამჭვირვალობის, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონები და სხვა არაერთი საკანონმდებლო ცვლილება პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სწორედ პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება იყო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 4 წელში 5 რევოლუციური სცენარის მცდელობა თვალსაჩინო შემთხვევაა, თუ როგორ ახორციელებდნენ საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული ძალები პოლიტიკურ ტერორს. საქართველოს უახლოესი წარსულის მძიმე მაგალითებზე მთავრობის მეთაურმა "იმედის" ეთერში, ვაშინგტონის სამიტის კონტექსტში ისაუბრა.

ვაშინგტონში შეკრებილი სხვადასხვა სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ პოლიტიკური ტერორიზმი ხშირად შეუმჩნეველი ფორმებით ვლინდება და მის წინააღმდეგ ბრძოლა დემოკრატიული სახელმწიფოების საერთო გამოწვევა, რასაც საერთო ძალისხმევით დაპირისპირება სჭირდება.

დღის ამბები