მსოფლიო ჩემპიონატის ისტორია მხოლოდ გოლებით არ იწერება, ზოგჯერ ყველაზე დასამახსოვრებელი ამბები მოედნის მიღმა ხდება - მოვლენები, რომლებიც ფეხბურთის სამყაროს ცვლის და წლების შემდეგაც განხილვის თემად რჩება.
1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე თვით ადრე ფეხბურთის მთავარი სიმბოლო - მსოფლიო თასი მოიპარეს. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სპორტული ჯილდო ლონდონის ერთ-ერთ პარკში, შემთხვევით, ძაღლმა, სახელად პიკლზმა იპოვა. ეს შემთხვევა მუნდიალის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ სკანდალად დარჩა.
1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - დიეგო მარადონამ ინგლისის წინააღმდეგ გოლი ხელით გაიტანა, მიუხედავად ინგლისელთა პროტესტისა, ტუნისელმა მსაჯმა წესების დარღვევა ვერ შეამჩნია და გოლი ჩათვალა. მატჩის შემდეგ მარადონამ განაცხადა, რომ გოლი გაიტანა "ცოტათი მარადონას თავმა და ცოტათი ღმერთის ხელმა," ეს მომენტი დღემდე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე საკამათო ამბად ითვლება და ხშირად იმის მთავარ არგუმენტად გამოიყენება, თუ რატომ გახდა საჭირო VAR-ის სისტემის შემოღება.
1974 წელს იოჰან კრუიფმა, ჰოლანდიის ნაკრების ლიდერმა უარი განაცხადა ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმაზე, რადგან ნაკრების სპონსორი Adidas იყო, თავად კი Puma-სთან ჰქონდა კონტრაქტი. საბოლოოდ კომპრომისი შედგა - Adidas-მა კრუიფისთვის სპეციალური, ორზოლიანი მაისური შექმნა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ფეხბურთელის გავლენამ ეროვნული ნაკრებისა და სპონსორის გადაწყვეტილებაზეც იმოქმედა.
გამარჯვებების, ემოციებისა და რეკორდების პარალელურად, ხმაურიანი სკანდალებით დაამახსოვრდებათ გულშემატკივრებს 2026 წლის ჩემპიონატიც.
ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ამბავი სომალელი მსაჯის საქმეა. არტანი, 2025 წელს აფრიკის საუკეთესო მსაჯი, ისტორიაში პირველი სომალელი უნდა გამხდარიყო, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე იმსაჯებდა. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ვიზა ჰქონდა, ის აშშ-ში არ შეუშვეს. ამერიკელებმა გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებით ახსნა, თუმცა რეალური მიზეზი საჯაროდ არ დაუსახელებიათ. FIFA-მ მსაჯის დასაცავად მკაფიო პოზიცია არ დააფიქსირა, მისმა პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კი კრიტიკოსებს "დამშვიდებისაკენ" მოუწოდა.
ეს შემთხვევა სიმბოლურად აღიქმება, რადგან სომალი იმ ქვეყნების სიაშია, რომელთა მოქალაქეებზეც აშშ-ის მკაცრი საიმიგრაციო შეზღუდვები ვრცელდება. ეს ისტორია ბევრისთვის იქცა მაგალითად, თუ როგორ იკვეთება სპორტი, მიგრაციული პოლიტიკა და გეოპოლიტიკა თანამედროვე მსოფლიოში.
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინასთან მატჩის დასრულებამდე 11 წუთით ადრე, ეგვიპტე 2:0-ს იგებდა და ტურნირის უდიდეს სენსაციასთან ახლოს იყო. შეხვედრის გარდამტეხი მომენტი 62-ე წუთზე დადგა, როდესაც მოსტაფა ზიკოს მიერ გატანილი გოლი, რომელსაც ანგარიში ორამდე უნდა გაეზარდა, Var-ის ვიდეოასისტენტ-რეფერის სისტემის გადამოწმების შემდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო გაუქმდა. ამ გადაწყვეტილებამ მატჩის მიმდინარეობა რადიკალურად შეცვალა, უპირატესობა არგენტინამ მოიპოვა, მატჩის მიწურულს 3 გოლი გაიტანა, 3:2 გაიმარჯვა და ეგვიპტე ტურნირს გამოთიშა. მწვრთნელები, ვეტერანი ფეხბურთელები და ექსპერტები აცხადებდნენ, რომ VAR-მა მატჩების მიმდინარეობასა და შედეგებზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა.
წლევანდელი მუნდიალის მიმდინარეობისას კრიტიკის საგანი იყო ჰიდრატაციისთვის განკუთვნილი სავალდებულო შესვენებებიც. FIFA განმარტავდა, რომ ეს ფეხბურთელების ჯანმრთელობის დასაცავად შემოიღეს, თუმცა არაერთი მატჩი კონდიცირებულ სტადიონებზე ან შედარებით გრილ ამინდში იმართებოდა. კრიტიკოსების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს პაუზები უფრო კომერციულ და სარეკლამო ინტერესებს ემსახურებოდა, ვიდრე რეალურ საჭიროებას.
მიუხედავად ამ სკანდალებისა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთის ისტორიაში მაინც ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ტურნირად დარჩება, თუმცა ეს მუნდიალი მხოლოდ სანახაობრივი მატჩებითა და ლამაზი გოლებით კი არა, მწვავე კამათით, სადავო გადაწყვეტილებებითა და უპასუხო კითხვებითაც შევა ისტორიაში.