გეოლოგები ლენტეხში, სტიქიის ზონაში დილიდან ჩავიდნენ. სპეციალისტებმა არსებული ტერიტორია შეისწავლეს. მონიტორინგის ფარგლებში შეამოწმეს ხეობის კალაპოტი. გაწერეს კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც მათ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში აისახება. საბოლოო დასკვნამდე კი მათი მხრიდან ითქვა რომ მოსახლეობა ამ ეტაპზე საფრთხის ქვეშ არ იმყოფება.
ადგილზე, შიდა-სასოფლო გზები ყველა მიმართულებით უკვე გახსნილია. სალიკვიდაციო სამუშაოები ძირითადად ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს. დაწესებულია რეგულაციები ავტოსატრანსპორტოსთვის.
ადგილობრივი ხელისუფლება სოფლებისთვის წყალმომარაგების სრულად აღდგენის საკითხზე მუშაობს. სტიქიის ზონაში მუშაობს მძიმე ტექნიკა. მთავარ გზასთან ერთად იწმინდება მიმდებარე ტერიტორია.
ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიის შემდეგ ლენტეხში აღდგენითი სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. გრძელდება დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები. სტიქიის გამომწვევ მიზეზებს სწავლობს სპეციალურად შექმნილი კომისიაც, რომელიც პარალელურად მისგან მოყენებულ ზარალს ითვლის.