აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ირანთან ომი შეერთებულ შტატებს 37,5 მილიარდი დოლარი დაუჯდა.
დემოკრატმა სენატორმა დიკ დურბინმა ბიუჯეტის მოსმენის დროს ჰეგსეტს ჰკითხა, ელის თუ არა ის, რომ ხარჯები გაიზრდება ახლა, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ფაქტობრივად დასრულდა.
ჰეგსეტმა უპასუხა, რომ 37.5 მილიარდი დოლარის ნაწილი ფინანსური წლის ბოლომდე გათვლილ ისეთ მიმდინარე ხარჯებს მოიცავს, როგორიცაა სამხედროების კვება.
ცნობისთვის, მარტში ანალიტიკოსებმა, ცნობილ სამხედრო ოპერაციებსა და კონგრესის შეფასებებზე დაყრდნობით გამოითვალეს, რომ ირანის წინააღმდეგ ომი ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს დღეში 890 მილიონ დოლარზე მეტი უჯდებოდათ. ეს ხარჯები მოიცავს საჰაერო და საზღვაო ოპერაციებს, სახმელეთო ძალებს, შეიარაღების სისტემებსა და რაკეტების ჩაჭრას, ამასთან, კონფლიქტის საწყისი ფაზა ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა.
მაისში პენტაგონის აუდიტორმა, სავარაუდო ხარჯი 29 მილიარდ დოლარად შეაფასა.
გასულ თვეს "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" (CSIS) ანალიზის პირველადმა მონაცემებმა აჩვენა, რომ კონფლიქტი თავდაცვის დეპარტამენტს დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი დაუჯდა. თუმცა, CSIS-ის უფროსმა მრჩეველმა მარკ კანციანმა განაცხადა, რომ ეს ციფრი არ მოიცავს იმ საოპერაციო ხარჯებს, რომლებიც უკვე გათვალისწინებული იყო დეპარტამენტის 2026 ფინანსური წლის 1 ტრილიონ დოლარზე მეტ ბიუჯეტში.