ქართულ-გერმანული ურთიერთობების პოზიტიური გადატვირთვის მოლოდინი, ოფიციალური ბერლინის შეცვლილმა დამოკიდებულებამ გააჩინა. საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ამოწურვიდან 20 დღეში, გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელისგან რწმუნებათა სიგელებს ჩაიბარებს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფისის თანახმად, ელჩების აკრედიტაციის ღონისძიებაზე სწორედ ალექსანდრე კარტოზია იქნება პირველი, ვინც დიპლომატიურ სტატუსს ოფიციალურად მიიღებს. ბერლინის ეს გადაწყვეტილება კი, საქართველოსთვის საკმარისი საფუძველია თქვას, რომ გერმანიას ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირისა და მჭიდრო ურთიერთობის აღდგენა სურს, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში უკვე დიპლომატიურ პენსიაზე გასულმა ფიშერმა მნიშვნელოვნად დააზიანა.
ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ადმინისტრაციის განცხადება არ არის ერთადერთი, სადაც ოფიციალური ბერლინის შეცვლილი დამოკიდებულება ჩანს. პოზიტიური ნაბიჯი გადადგა იოჰან ვადეფულის ოფისმაც და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული არასწორი ინფორმაცია სრულად წაშალა. საიტზე თითქმის 2 წლის განმავლობაში ეწერა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი კი ილია დარჩიაშვილი იყო, თუმცა ამ ფაქტზე გერმანიის ელჩს რეაგირება არასდროს ჰქონია. ეს ნორმაა ოპოზიციურ რიგებში მყოფი- ფიშერის ქართველი პარტნიორებისთვის, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობის დაზიანებაში, გერმანიის ყოფილი ელჩის პასუხისმგებლობას ვერც დღეს ხედავენ.
ორი ქვეყნის ურთიერთობებში შექმნილი პრობლემის მიზეზი, სწორედ პეტერ ფიშერი და მისი ქართველი ოპოზიციონერი პარტნიორები არიან- ქართული ოცნებისთვის. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ფიშერი ერთადერთი გერმანელი დიპლომატია, რომელმაც 30 წლიანი მჭიდრო ურთიერთობა 3 წელსა და 11 თვეში, მნიშვნელოვნად დააზიანა. სწორედ ამიტომ ადანაშაულებდა ქართული ოცნება, უკვე პენსიაზე გასულ ელჩს დიპლომატიური ეთიკისა და ვენის კონვენციის დარღვევაში, რომელიც უმრავლესობის თქმით , ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ღია თავდასხმებში გამოიხატებოდა.
პოზიტიური მოლოდინიდან, პოზიტიურ შედეგამდე 2 დღეა. ალექსანდრე კარტოზიას, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი 23 ივლისს ადმინისტრაციაში, თბილისის დროით 12 საათსა და 30 წუთზე მიიღებს.