30 ივლისი 2026,   01:19
ვრცლად
ქალი მეცნიერები, რომლებმაც თავიანთი აღმოჩენებით სამყარო შეცვალეს

ყველა დროის უდიდეს მეცნიერებს შორის მრავლად არიან ქალები, რომლებმაც თავიანთი მიღწევებითა თუ მეცნიერების სხვადასხვა დარგში საკუთარი აღმოჩენებით, მსოფლიოს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოუტანეს.

მარი კიური ნობელის პრემიის პირველი ქალი ლაურეატი იყო. ის ერთადერთი ქალია ისტორიაში, რომელმაც ნობელის პრემია მეცნიერების ორ სხვადასხვა დარგში აიღო: ფიზიკასა და ქიმიაში.

რაც შეეხება კაცობრიობის წინაშე მის ღვაწლს - აღმოაჩინა ქიმიური ელემენტები პოლონიუმი და რადიუმი. მისმა ღვაწლმა საფუძველი ჩაუყარა რენტგენული გამოსხივების შექმნას.

კაროლინა ჰერშელი (1750-1848)

გერმანელი ასტრონომი ქალი, ცნობილი ასტრონომის, უილიამ ჰერშელის და იყო. მას რამდენიმე კომეტის აღმოჩენას მიაწერენ, რომელთა შორის ერთ-ერთს, თავად კაროლინა ჰერშელის სახელიც ეწოდა (35P/ჰერშელ/რიგოლე). ის იყო პირველი ქალი მეცნიერი, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ აღიარა.

კაროლინა ჰერშელი ამასთან იყო პირველი ქალი მეცნიერი, რომელიც ხელფასს იღებდა თავის სამუშაოში. პირველი ქალი ინგლისში, რომელსაც მთავრობაში თანამდებობა ეკავა. პირველი ქალი, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ოქროს მედალი მიანიჭეს. კაროლინა ჰერშელმა  97 წელი იცოცხლა და მეცნიერების ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა... NGC 253 კი ჩვენგან დაახლოებით ათი მილიონი სინათლის წლის მანძილზეა და მისი დისკის დიამეტრი 70 ათას სინათლის წელს შეადგენს. ეს გალაქტიკა ყველაზე დიდია გალაქტიკათა იმ ჯგუფში, რომელიც ყველაზე ახლოსაა ჩვენს ლოკალურ ჯგუფთან და რომელსაც მოქანდაკის გალაქტიკათა ჯგუფს ეძახიან.

მარია მიტჩელი (1818-1889)

ერთ-ერთი პირველი ამერიკელი პროფესიონალი ასტრონომი ქალი. 1847 წელს აღმოაჩინა კომეტა, რომელსაც "მის მიტჩელის კომეტა" უწოდეს. დანიის მეფემ ის ოქროს მედლით დააჯილდოვა. მიტჩელს ხშირად განიხილავენ, როგორც პირველ პროფესიონალ ასტრონომ ქალს აშშ-ში.

მიტჩელი ასტრონომიით ბავშვობიდანვე დაინტერესდა. 12 წლის ასაკში ის მამას თავიანთი სახლის ადგილმდებარეობის განსაზღვრაში დაეხმარა – მარიამ წამების სიზუსტით გამოთვალა მზის დაბნელების მომენტი, რაზე დაყრდნობითაც მამამისმა, უილიამმა დაადგინა, რომელ გრძედზე იყო მათი სახლი. სულ რაღაც ორი წლის შემდეგ კი, მარია უკვე მეზღვაურებისთვის გემის ქრონომეტრებს ამოწმებდა. ქრონომეტრი იყო ინსტრუმენტი, რომელიც ხომალდის მოძრაობის ან ამინდის ცვლილების მიუხედავად, ზუსტ დროს აჩვენებდა.

მიტჩელის ოჯახი ერთ-ერთი ბანკის სახურავზე აშენებულ პატარა ობსერვატორიაში ცხოვრობდა. უილიამი ამ ბანკში მთავარ მოლარედ მუშაობდა, მარიამ კი ობსერვატორიის ტელესკოპით, 1847 წელს კომეტა აღმოაჩინა. ის ნანტაკეტის ათენეუმში მუშაობდა ბიბლიოთეკარად 1836-1856 წლებში, შემდეგ კი გადაწყვიტა, მოგზაურობისა და ასტრონომიული კვლევებისთვის მეტი დრო დაეთმო. 1865 წელს ის დამფუძნებელმა ვასარის კოლეჯში მიიწვია  და მარია გახდა მსოფლიოში პირველი ქალი პროფესორი ასტრონომიის დარგში. ის 20 წელზე მეტხანს იყო ვასარის კოლეჯის ობსერვატორიის დირექტორი. ამ პერიოდშივე რედაქტორობდა Scientific American-ის ასტრონომიის სვეტს. მისი დამსახურებით, 1865-1888 წლებში, ვასარის კოლეჯი  მათემატიკისა და ასტრონომიის მიმართულებით უფრო მეტ სტუდენტს იღებდა, ვიდრე ჰარვარდის უნივერსიტეტი.

მარია მიტჩელის მიღწევებს შორისაა აგრეთვე ქალთა წინსვლის ხელშეწყობის ასოციაციის დაარსება; იყო პირველი ქალი, რომელმაც ასტრონომიაში ჯილდო მიიღო (ოქროს მედალი დანიის მეფისგან); ასევე იყო ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიისა და მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის პირველი ქალი წევრი.

ირენ ჟოლიო-კიური (1897-1956)

მარი სკლადოვსკა-კიურისა და პიერ კიურის ქალიშვილი. ირენმა 1935 წელს, ხელოვნური რადიოაქტიურობის აღმოჩენისთვის ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო. თავის ქმართან, ფრედერიკთან ერთად, ელემენტი ბორი გარდაქმნა რადიოაქტიურ აზოტად, ალუმინი - ფოსფორად, მაგნიუმი კი სილიციუმად.

როზალინდ ფრანკლინი (1920-1958)

70 წლის წინ, აპრილის ბოლო კვირაში, ახალ ამბებში იუწყებოდნენ, რომ მეცნიერებმა დნმ-ის ორმაგი სპირალური სტრუქტურა აღმოაჩინეს; საქმე ეხებოდა გენეტიკურ მასალას, ქიმიური ძაფებით გადაბმულ, ერთმანეთში გადაგრეხილ ორ სპირალს, რომელშიც მთელი სიცოცხლეა ჩაშიფრული.

დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენას სამი ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნებული პუბლიკაცია იუწყებოდა, რომელთა ავტორებიც ახლა კარგად ცნობილი ადამიანები იყვნენ. მათ შორის იყო როზალინდ ფრანკლინი, რომელიც ამ ამბიდან სულ მალე საკვერცხის კიბოთი გარდაიცვალა.

როზალინდ ფრანკლინი იყო რენტგენოგრაფი და ბიოფიზიკოსი, რომელმაც მოლეკულური სტრუქტურის შესწავლაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ასევე განსაკუთრებული ღვაწლი აქვს დნმ-ის სტრუქტურის შესწავლაში.

დოროთი ჰოჯკინი (1910-1994)

ბრიტანელმა ბიოქიმიკოსმა რენტგენული გამოსხივების კრისტალოგრაფიის ტექნოლოგია შექმნა, რომელიც ამჟამად აქტიურად გამოიყენება ბიომოლეკულების სამგანზომილებიანი სტრუქტურის განსაზღვრისთვის, ვიტამინ B12-ის შემადგენლობის გარკვევისთვის. დოროთი ჰოჯკინმა ქიმიაში ნობელის პრემია მიიღო.

1934 წელს, როცა ქალს პირველად ჩაუვარდა ხელში ინსულინის კრისტალები, ჩართო რენტგენის აპარატი და ხანგრძლივი დასხივების შემდეგ მიიღო ნათელი დიფრაქციული გამოსახულება. დოროთი წარმოიდგენდა დღეს, როცა საბოოლოოდ გაშიფრავდა ამ თითქმის შეუცნობელი მოლეკულის სტრუქტურას და საბოლოოდ შეცვლიდა მილიონობით ადამიანის ცხოვრებას. სწორედ ურყევი თავდაჯერება იყო ის, რაც გამოარჩევდა იმ მეცნიერთაგან, რომელთაც ხელი აიღეს რთული ბიომოლეკულების კვლევაზე, რადგან მიიჩნიეს, რომ რენტგენული კრისტალოგრაფია ამ საიდუმლოს ნატელს ვერ მოჰფენდა.

"ინსულინი მეტისმეტად დიდი მოლეკულა იყო და იმხანად, მისი დეტალური შესწავლა ძალზე რთული იქნებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერ გავუძელი ცდუნებას, ამოვზარდე კრისტალები და შევასრულე კალკულაციები. გამუდმებით ვფიქრობდი ინსულინის კრისტალებზე".

კიდევ უფრო ნათელი გახდება მისი უშრეტი ენთუზიაზმი, უანგარობა და მეცნიერების სიყვარული, თუ გავითვალისწინებთ, რა მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა. მისი ლაბორატორია Natural History Museum-ის სიღრმეში იყო მიმალული. ამ ძველთაძველ, გოტიკურ შენობაში იკვლევდა სტეროლებსა და ბიოლოგიურად მნიშვნელოვან სხვა მოლეკულებს. თვით ლაბორატორიაც გოტიკურ შენობას ჰგავდა. მთელი აღჭურვილობა, კრისტალთა შესანახი სათავსები და პოლარიზაციული მიკროსკოპი დახვავებულიყო ოთახში, რომელში შეღწევაც მხოლოდ მისადგმელი კიბით იყო შესაძლებელი. ქალს ძლიერ უჭირდა იმ კიბეზე აცოცება, რადგან რევმატოიდული ართრიტი აწუხებდა, კიდურები უშუპდებოდა, სტკიოდა. როგორც მისი კოლეგები იხსენებენ, ერთი ბეწო კრისტალიც კი არასოდეს გადავარდნია კიბეზე ასვლა–ჩამოსვლისას. მის კაბინეტს მხოლოდ ერთი ფანჯარა ჰქონდა. ეს იყო სინათლის ერთადერთი წყარო. იმდენი ფულიც კი არ ჰქონდა, კვლევისთვის აუცილებელი დანადგარები შეეძინა. მიუხედავად ამისა, არ ყრიდა ფარ–ხმალს; არ კარგავდა დაფინანსების მოპოვების იმედს. სწამდა, ნაყოფს გამოიღებდა ასეთი შეუპოვრობა და შეძლებდა ახალ მოწყობილობათა შეძენას.

დოროთის შემდეგი ამოცანა პენიცილინის სტრუქტურის გაშიფრვა იყო. უამრავი მეცნიერი ეცადა ამ მიზნის მიღწევას, მაგრამ ყველა მათგანმა ხელი ჩაიქნია, რადგან შეუძლებელ მისიად მიიჩნია. ამ ნივთიერებას იკვლევდნენ გამოჩენილი სწავლულები, ჩეინი და ფლორი, მაგრამ ვერ მოახერხეს მისი აგებულების ნათელყოფა. ერთ დღეს, როცა დოროთი ოქსფორდის ქუჩებში სეირნობდა, ერნტს ჩეინს შეეჩეხა. "ერთ მშვენიერ დღეს მოგაწვდით კრისტალებს!" – დაჰპირდა კაცი, თუმც, სამწუხაროდ, კრისტალები ვერ ამოიზრდებოდა იმ ბარიუმის მარილიდან, რომელზეც მაშინ მიუწვდებოდა ხელი.

დიდი დავა გაჩაღდა ქიმიკოსთა შორის; ვერა და ვერ შეთანხმდნენ, როგორი შემადგენლობა და აგებულება ჰქონდა ამ რთულ, იდუმალებით მოცულ მოლეკულას. დოროთი იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც პასუხი გასცა ამ შეკითხვას, გაფანტა ყოველგვარი ეჭვი, ბუნდოვანება და დაამტკიცა, რომ პენიცილინი ბეტა ლაქტამს შეიცავდა.

მიუხედავად ამისა, მრავალმა ქიმიკოსმა არ ირწმუნა მისი იდეები. თავად მეცნიერი წერს: "ძლიერი არგუმენტები მოიშველიეს ორივე სტრუქტურის უარსაყოფად: როგორც ბეტა ლაქტამის, ასევე ოქსაზოლონის… ერთხანს, სრულიად შეუძლებელი ჩანდა სამციკლიანი აგებულების არსებობა, კრისტალოგრაფიული თვალსაზრისით".

ქალს სწამდა, რომ ნივთიერების მოლეკულური სტრუქტურის ცოდნა იქნებოდა პენიცილინის სინთეზირებისა და მასობრივი წარმოების საწინდარი. ურიცხვი ადამიანი კვდებოდა ბაქტერიული ინფექციებისა და ანთების გამო. ისეთი ანტიბიოტიკი, როგორიც პენცილინი იყო, ნამდვილი ხსნა იქნებოდა. ბრიტანეთისა და ამერიკის მთავრობათა წარმომადგენლებმა, პენიცილინის კვლევა, ერთ–ერთ მთავარ საიდუმლოებად აქციეს. მხოლოდ იმ მეცნიერებს მიუწვდებოდათ ხელი მონაცემებზე, უშუალოდ რომ მუშაობდნენ პროექტის ფარგლებში.

დოროთი ქროუფუთ–ჰოჯკინმა განუზომელი წვლილი შეიტანა ორივე ტიპის დიაბეტის მკურნალობის საქმეში და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

რიტა ლევი-მონტალჩინი (1909-2012)

რიტა ლევი-მონტალჩინი ნევროლოგი იყო. 1986 წელს, ნერვის ზრდის ფაქტორების აღმოჩენისათვის, მიიღო ნობელის პრემია მედიცინის დარგში. იყო ნობელის პირველი ლაურეატი, რომელმაც 100 წელზე მეტხანს იცოცხლა.

დღის ამბები