30 ივლისი 2026,   01:19
ვრცლად
მორიგი კორუფციული სკანდალი კიევის პოლიტიკურ ელიტაში - უკრაინული მედია დავით არახამიას წინააღმდეგ მიმდინარე სავარაუდო გამოძიებაზე წერს

მორიგი კორუფციული სკანდალი კიევის პოლიტიკურ ელიტაში - უკრაინული მედია დავით არახამიას წინააღმდეგ მიმდინარე სავარაუდო გამოძიებაზე წერს. პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის, "ხალხის მსახურის" საპარლამენტო ლიდერი, შესაძლოა, კავშირში იყოს დეპუტატებისთვის არალეგალური თანხების გადახდასა და კონკრეტული მიზნებისთვის მათ მოსყიდვასთან. გამოცემა არახამიას საქმეს ალექსეი ერმაკის შემთხვევას ადარებს და არ გამორიცხავს, რომ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის მსგავსად საპატიმროში დაასრულოს.

იმ ფონზე, როდესაც უკრაინა 5 წელია რუსულ სამხედრო აგრესიას ებრძვის და ათასობით ადამიანი იღუპება, კორუფციული საქმეები მაღალჩინოსნების დაბალ მორალურ სტანდარტებზე განსაკუთრებით მიუთითებს - ასეთია ქართული სახელისუფლებო გუნდის პოზიცია. მმართველ გუნდში იხსენებენ არახამიას, პოდოლიაკის, არესტოვიჩის, ერმაკისა და სხვა ლიდერების უარგუმენტოდ ნეგატიურ დამოკიდებულებას საქართველოს წინააღმდეგ და ამბობენ, რომ დღეს არსებული რეალობა მათ ნამდვილ სახეს ააშკარავებს, რაზეც ევროპულ ბიუროკრატიას რეაქცია არ აქვს.

უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დამაჯერებლად არ მიიჩნევენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სწორია, თუმცა უკრაინას სხვა, უფრო დიდი მიზნები აქვს, რომლებიც ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს.

ქართული ოპოზიციისა და უკრაინელი მაღალჩინოსნების საერთო პოლიტიკურ დღის წესრიგზე აკეთებს აქცენტს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლების თქმით, მათი მიზანი წლებია საქართველოში დესტაბილიზაციური პროცესების სტიმულირებაა. ამ ფონზე კი, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ძარცვა და კრიმინალური საქმეები პირდაპირი ლუსტრაციაა.

კორუმპირებული ჩინოვნიკების პოლიტიკური წმენდის მორიგ სეზონს, უკრაინული მედიის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტო რამდენიმე თვეა აანონსებს. კორუფციის საქმეზე უკვე გამოიკითხა არახამიას ოფისის თანამშრომელი. ჯერ კიდევ 14 იანვარს კი, "ხალხის მსახურის" ლიდერის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. კიევში არ გამორიცხავენ, რომ ზელენსკის უახლოესი წრის წევრმა არახამიამ ერმაკის ბედი გაიზიაროს.

დღის ამბები