მაშინ, როცა ფიქრის დრო ბევრი გაქვს, ფანტაზიაც შორს მიდის - "ვივამედის" კლინიკის ყოფილი პაციენტის წარმოსახვამ კი უკვე იმ ზღვარსაც გადააბიჯა, სადაც რეალობა მთავრდება. ციხიდან კლინიკაში, კლინიკიდან ისევ საკანში, საკნიდან კი მიხეილ სააკაშვილი ვირტუალურ რეალობაში გადანაცვლებას აპირებს.
ეს კი მისი ფანტაზიის ნაყოფია. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ავატარი - მიშაზე ახალგაზრდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს მიშას მიხრა-მოხვრით.
მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა ახალ ვარცხნილობასთან ერთად, ხალხთან კომუნიკაციის ახალი გზაც აირჩია.
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს, თავს ნელსონ მანდელას ადარებს, ციხიდან კი პირდაპირ საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადაბარგებას პროგნოზირებს, თუმცა პოლიტიკური მოვლენები სულ სხვა სცენარით ვითარდება. სააკაშვილის აბსტრაქტული იდეების დაცინვის შანსი კი, თამარ ჩერგოლეიშვილმა ხელიდან არც ამჯერად გაუშვა.
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მორიგი უტოპიური განცხადება მმართველ გუნდს აფიქრებინებს, რომ პალატიდან საკანში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. სწორედ ამიტომ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები პენიტენციურ დაწესებულებას სააკაშვილის ხელახლა გამოკვლევისკენ მოუწოდებენ.
კაბინეტი მზად არის, მიხეილ სააკაშვილის პიჯაკები, ბოტასები და სხვა ნივთები, თუმცა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ავატარი ვერც ერთს ვერ მოირგებს. "ხალხის ძალაში" არ უკვირთ, რომ მუზეუმის შექმნის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ვირტუალურ მოგზაურობას იწყებს. გურამ მაჭარაშვილისთვის გასაკვირი ის უფრო არის, თუ როგორ აღიქვამდნენ ამ იდეების ავტორს ევრობიუროკრატები სერიოზულად.
იქცევა თუ არა ვირტუალური მიშა რეალურ პოლიტიკურ მოთამაშედ - ექსპრეზიდენტის პოლიტიკური წარსული მმართველ გუნდს აჩვენებს, რომ მისი ამბიციური იდეები, ბოლო 13 წელია რეალობად ვერასდროს იქცევა.
ავტორი: ნანა გოგატაძე