ნავარძეთის გადასახედი, უნიკალური პანორამა და ისტორიული საბაგიროები - იმერული თავგადასავალი სწორედ ჭიათურიდან იწყება. ქართველი ტუროპერატორები სვერის სათავგადასავლო ბანაკს ესტუმრნენ, ვია ფერატას კლდის მარშრუტი გაიარეს და რეგიონის ექსტრემალური შესაძლებლობები თავად გამოცადეს.
მწვანე ხეობაში ჩაძირული კანიონი, წყლის ხეები და დათვის მღვიმე - პრომეთეს ხეობაში ნავით გასეირნება იმერეთის მრავალფეროვანი მარშრუტის განსაკუთრებული ნაწილია. ტუროპერატორებს შესაძლებლობა ჰქონდათ წყალტუბოს ცხენოსანთა კლუბიც მოენახულებინათ და ამასთანავე, აღმოეჩინათ რეგიონი, რომელიც სტუმრებს კულტურულ, ისტორიულ და გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობს.
მონაწილეები ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ, მიიღეს დეტალური ინფორმაცია ტურისტული ინფრასტრუქტურისა და რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების შესახებ. მათ შორის, მოინახულეს უდიდესი ტურისტული კომპლექსი, რომელიც პრომეთეს მღვიმის მიმდებარედ მდებარეობს.
ქუთაისის ახლად გახსნილი ტექნოლოგიური ჰაბი ვიზიტორებისთვის აუცილებლად მოსანახულებელ ადგილებს შორისაა.
ჰაბი თანამედროვე ლაბორატორიებს, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეებს, ინტერაქციულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურას აერთიანებს.
ადგილზე ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში ისწავლონ, შექმნან, გამოსცადონ და განავითარონ ტექნოლოგიური იდეები.
ბოლო გაჩერება ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ათასწლოვანი ნაქალაქარი აღმოჩნდა - ადგილი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ცენტრს წარმოადგენს და ყოველწლიურად უამრავ უცხოელ ვიზიტორს მასპინძლობს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გაცნობითი ტურები მომავალშიც გაგრძელდება და მთელ საქართველოს მოიცავს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები რეგიონის ტურისტულ პოტენციალსა და ახალ ლოკაციებს სამი დღის განმავლობაში ეცნობოდნენ.