გლდანის რაიონის გამგეობა მორიგ ინფრასტრუქტურულ პროექტს მარკ ბრონშტეინის ქუჩაზე ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარეობს ბრონშტეინის ქუჩის N21-დან ქობის ქუჩამდე, ასევე ბრონშტეინის II შესახვევში.
აღნიშნულ ქუჩაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა სანიაღვრე ქსელის არარსებობა, რის გამოც წვიმის წყალი სავალ ნაწილზე გროვდებოდა. ასევე, არ არსებობდა ასფალტის საფარი, რაც, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების პრობლემებს ქმნიდა.
საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები, რის შემდეგაც, დაახლოებით 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ასფალტის საფარი დაიგება და ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი კაპიტალურად მოეწყობა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 000 ლარამდე დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, პარლამენტის დელეგატ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო.