13 აგვისტო 2026,   01:03
ვრცლად
საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საბოტაჟი და ჰიბრიდულ ომი - დეზინფორმაციული კამპანიის უკან, მთავრობის მეთაური ე.წ. დიფ სთეითს ხედავს

რუს ტურისტებთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანიის უკან მთავრობის მეთაური ე.წ. დიპ სტეიტს ხედავს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მიზანია, რომ რუსეთმა საქართველოსთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩეროს და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო და ეკონომიკური ინტერესები დაზიანდეს. თუმცა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გლობალური ომის პარტია შედეგს ვერ მიაღწევს. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ხელისუფლებასთან ერთად, მოწოდების სიმაღლეზე საზოგადოებაც დადგება.

საქართველოს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მიმდინარე საბოტაჟსა და ჰიბრიდულ ომზე ისაუბრა დედაქალაქის მერმაც. ჟურნალისტთან და ბლოგერთან ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში კახა კალაძემ თქვა, რომ უცხოეთიდან მართულმა ძალებმა ქართველი ერისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ახალი პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს, რომელიც სოციალურ ქსლებსა და სხვადასხვა პლატფორმაზე საქართველოს წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციების გავრცელებას და ტურიზმის სექტორის დაზიანებას ისახავს მიზნად.

ცრუ სკანდალებზე აგებული ცრუ ამბები, რაზეც ხელისუფლება საუბრობს, ინტერნეტსივრცეში აქტიურად არის გავრცელებული. ჰყვებიან და წერენ ისეთ არარსებულ ისტორიებს, რომლებიც საქართველოს იმიჯსა და ეკონომიკურ ინტერესებს აზიანებს.

ვიდეოების გარდა, სოციალურ ქსელებში ყალბი ექაუნთებით დაწერილი დეზინფორმაციაც ვრცელდება, რის შემდეგაც ტურისტებს მოუწოდებენ, რომ საქართველოში არ ჩამოვიდნენ.

მიხეილ სააკაშვილის პარტიაში არ მალავენ, რომ რუსეთის მოქალაქეებს ტურისტებად არ მიიჩნევენ.

"ნაციონალური მოძრაობის" დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებით ორმაგი სტანდარტია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათ დავალება ისევ სხვა ქვეყნისგან აქვთ მიღებული, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით კი, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანებასა და ტურისტული ნაკადების შემცირებას ცდილობენ.

საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, სუს-მა საბოტაჟის მუხლით გამოძიება გასულ კვირას უკვე დაიწყო. ირკვევა, რომ საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას ემსახურება. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები