გემი, რომელიც ანაკლიის ზღვის ფსკერს შეცვლის ღრმაწყლოვანი პორტის აკვატორიაშია. ხომალდმა ფსკერის დაღრმავებით სამუშოები უკვე დაიწყო. ეს არის სტრატეგიული პროექტის ახალი ეტაპი, რომელიც ანაკლიის პორტს- ისტორიული შუა დერეფნის მნიშვნელოვან რგოლად აქცევს.
სამშენებლო სამუშაოებს შავის ზღვის აუზში მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია, ე.წ. დიდი ოთხეულის წევრი Jan De Nul-ი ახორციელებს. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ქართველ პარტნიორები. 89 მეტრი სიგრძის ხომალდი Tristão da Cunha“ გამოირჩევა კომპაქტური, თუმცა საკმაოდ მძლავრი გაბარიტებით. ამ ხომალდის ფუნქციაა- მოამზადოს ნიადაგი და არხი ტალღმტეხი კონსტრუქციის საძირკვლისთვის. გემი ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ფსკერს- სამი მეტრის სიღრმეზე გააღრმავებს.
ზღვის ფსკერიდან ამოტუმბული ქვიშა და გრუნტი სპეციალური მილსადენების მეშვეობით გადავა პორტის სახმელეთო ტერიტორიაზე. ერთ თვეში, ხომალდს კიდევ უფრო დიდი ზომის გემი შემოუერთდება. ის უშუალოდ უზრუნველყოფს პორტის შესასვლელი არხისა და შიდა საპორტო აკვატორიის დაღრმავებას. შედეგად ანაკლიის ფსკერი 17.5 მეტრამდე გაღრმავდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში კეთდება რეგიონისთვის უპრეცედენტო, უზარმაზარი მასშტაბის ტალღმტეხი კონსტრუქცია. პირველ ფაზაში აშენდება 1 376 მეტრის სიგრძის სპეციალური კედელი, რომელიც 95%-იანი სიზუსტით დაიცავს პორტის აკვატორიას და უზრუნველყოფს 700 მეტრამდე ღრმაწყლოვანი საკონტეინერო ნავმისადგომების უსაფრთხო მშენებლობას.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ბელგიური კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. შეხვედრა ანაკლიის ნავსადგურში შედგა. აღინიშნა, რომ სამუშოები გეგმის და წინასწარ გაწერილი გრაფიკით მიმდინარეობს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ლენდლორდის მოდელით შენდება. ეს არის პორტების მართვის ყველაზე გავრცელებული ფორმა, სადაც პორტის ერთადერთი მფლობელი სახელმწიფოა.