12 აგვისტო 2026,   23:38
ვრცლად
ვაზიანის ახალი აეროპორტის პროექტი - გერმანელმა ექსპერტებმა ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე მუშაობა დაიწყეს

ხარჯებისა და რისკების შეფასება, მგზავრთა ნაკადის პროგნოზი, სატვირთო გადაზიდვების პოტენციალი და ინფრასტრუქტურული საჭიროებები - თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გზით შერჩეული გერმანული კომპანიის წარმომადგენლები უკვე საქართველოში იმყოფებიან.

ბერლინში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია amd.sigma სპეციალიზებულია აეროპორტების სტრატეგიულ დაგეგმარებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებზე. კომპანია 2019 წლიდან მიუნხენის აეროპორტის ჯგუფის გამოცდილებასა და საერთაშორისო რესურსებზე დაყრდნობით არაერთი ქვეყნის აეროპორტების განვითარებაზე მუშაობს.

კვლევის ფარგლებში amd.sigma-ს გუნდი შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო უწყებების, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოქმედი ავიაკომპანიებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა ეკონომიკის სამინისტროში, სადაც აეროპორტის განვითარების ოპტიმალურ მოდელსა და სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს.

მგზავრთნაკადი და საჰაერო ტვირთბრუნვა ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება და მაჩვენებლები რეკორდულ ნიშნულს აღწევს. არსებული დინამიკის და სამომავლო ზრდის პროგნოზების გათვალისწინებით, თბილისში ახალი მეგა პროექტი განხორციელდება. ტექნიკური-ეკონომიკური კვლევის დასრულების შემდეგ სამუშაოები ვაზიანში, ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე დაიწყება. პროექტი თბილისის აეროპორტის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად განიხილება.

ავტორი: ირაკლი კოშაძე. 

დღის ამბები