კონფლიქტები და ომები როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოს გეოპოლიტიკური არსი თანამედროვე სამყაროში, საქართველო, როგორც გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი დერეფანი, რომლის ტერიტორიები დღემდე ოკუპირებულია - ამ რთულ და მნიშვნელოვან თემებზე საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული პოლიტიკის მკვლევარს, შვეიცარიელ პასკალ ლოტაზს, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ლუკა ჩანგელია ესაუბრა.
- ბატონო პასკალ, უპირველეს ყოვლისა, მინდა დავიწყო ნეიტრალიტეტით. იმ თემით, რომელსაც თქვენ სწავლობთ და იკვლევთ. რა პერსპექტივებს ხედავთ მსოფლიოში და როგორ უკავშირდება ეს საქართველოს? რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი ხშირად საუბრობს ნეიტრალიტეტზე და მის აუცილებლობაზე ახალ სამყაროში.
"იცით, ნეიტრალიტეტი საკმაოდ ძველი კონცეფციაა, რომელსაც დიდი ისტორია აქვს საერთაშორისო სამართალში და რომელიც ძირითადად ევროპაში განვითარდა ბოლო 700-800 წლის განმავლობაში. ჩვენ გვყავს ბევრი სახელმწიფო, რომლებმაც ნეიტრალიტეტი საუკუნეების განმავლობაში განავითარეს. ჩემი სამშობლო, შვეიცარია, ერთ-ერთი მათგანია, ავსტრია - მეორე. ირლანდია, მალტა, რომლებიც დღემდე ნეიტრალურები არიან და თავიანთ ნეიტრალიტეტს ამ ძველი საერთაშორისო სამართლის მიხედვით აღიქვამენ. არიან სახელმწიფოები, რომლებმაც დაასრულეს მსგავსი პოლიტიკა, როგორიცაა შვედეთი და ფინეთი. მაგრამ ვფიქრობ, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, არის ის, რომ ბევრი ადამიანი აცნობიერებს რაღაც ძალიან ძველს, ისინი ხვდებიან, რომ წინსვლის ერთადერთი გზა არის დიალოგის რეჟიმში ყოფნა ძალიან საშიში გეოპოლიტიკური სიტუაციის ყველა მხარესთან.
ეს იგივე იყო შვეიცარიისთვისაც 200 წლის წინ, 1815 წელს, როცა ის გარშემორტყმული იყო გერმანელებით, ავსტრიელებით, ფრანგებით, იტალიელებით. შვეიცარიისთვის მუდმივი უსაფრთხოების ერთადერთი გზა იყო ყველასთვის პირობის მიცემა, რომ დაიცავდა ალპებს და უზრუნველყოფდა, რომ არავინ გამოიყენებდა მათ ქვეყანაზე გამავალ ალპურ უღელტეხილებს სხვებზე თავდასხმისთვის. რადგან თუ ამას გააკეთებ, თუ გახდები ვინმესთვის ომის პლაცდარმი, მაშინ ავტომატურად გახდები მეორის მხრიდან თავდასხმის ობიექტი.
ვფიქრობ, საქართველო ამჟამად, რუსეთთან ბოლო 10-15 წლის ძალიან დაძაბული ურთიერთობების, მაგრამ ასევე ევროპასთან ძალიან შერეული გამოცდილების შემდეგ, იმ ეტაპზეა, როდესაც აცნობიერებს, რომ რუსეთით გარშემორტყმული და ირანისა და თურქეთის სიახლოვეს ყოფნით, ძალიან ცხელ გეოპოლიტიკურ წერტილში იმყოფება. და საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის ეცადოთ, რომ საქართველო არცერთ მათგანს არ დაუთმოთ სხვასთან საბრძოლველად.
თუ ამას გააკეთებთ, თუ საქართველო გახდება პლაცდარმი ნატოსთვის რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაშინ რუსეთი კვლავ თავს დაესხმება საქართველოს. თუ გახდებით პლაცდარმი რუსებისთვის თურქების ან ირანელების წინააღმდეგ, ან რომელიმე მათგანისთვის, მაშინ მეორე დაგესხმებათ თავს, არა? ასე რომ, ძალიან ბუნებრივია იმის გაგება, რომ წინსვლის ერთადერთი გზაა იყო ის, ვინც ხარ და უზრუნველყო, რომ ყველა სხვა მხარეს მეტ-ნაკლებად თანაბრად მოეპყრო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთ-ერთ დიდ ძალას ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს თქვენი ორი ტერიტორია. მაგრამ გამოსავალი, სავარაუდოდ, არ არის ამ მხარესთან კიდევ ერთი ომი, არამედ დარწმუნება ამ მხარის, თქვენს შემთხვევაში რუსეთის, რომ თქვენი ტერიტორიიდან, საქართველოდან, რუსეთის მიმართ საფრთხე არ წამოვა. და ნელ-ნელა, იმედია, გადაჭრით ამ ორი პროვინციის საკითხსაც.
ასე რომ, ნეიტრალიტეტი გარკვეული გაგებით ძალიან მარტივი იდეაა, რომ სანამ არავისთვის წარმოადგენთ საფრთხეს, სავარაუდოდ გაქვთ ყველაზე დიდი შანსი, რომ ამ დიდი გეოპოლიტიკური თამაშიდან მეტ-ნაკლებად უვნებელი გამოხვიდეთ. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ საქართველოსთვის ამჟამად ძალიან რთული სიტუაციაა. მაგრამ თუ საქართველო მთელ თავის ძალისხმევას ნატოს მიმართულებით მიმართავს და შეეცდება გახდეს მეორე ფრონტი ნატოსთვის რუსეთის წინააღმდეგ, ეს საქართველოსთვის ცუდად დასრულდება. და ჩვენ გვაქვს ცოცხალი მაგალითი. ვხედავთ, რა დაემართა უკრაინას, რომელიც ამ პოლიტიკური მიმართულებით წავიდა, თუმცა მთლად საკუთარი ნებით არა. კიევში ბევრი კულუარული თამაში და გარიგება მიმდინარეობდა მათ ამ წერტილამდე მისაყვანად, მაგრამ ახლა უკრაინა სისხლს ღვრის ნატოს ომში რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოსთვის იმის თქმა - "როგორ შეგვიძლია ავიცილოთ ეს თავიდან ისე, რომ არ მოგვიწიოს რუსეთთან ალიანსში შესვლა?" - ეს ძალიან ბუნებრივია. და ამაზე პასუხი არის ნეიტრალური საქართველო, რაც შეიძლება მტკიცედ და დამაჯერებლად ნეიტრალური".
- რადგან უკრაინის ომსა და მეორე ფრონტზე ვისაუბრეთ, მინდა დავბრუნდე იმ დროში, როდესაც საქართველოში იყავით. მე ჩავიწერე მოკლე ინტერვიუ თქვენთან, თქვენ ახსენეთ ომის პარტია ევროკავშირში, ამაზე საუბრობდით. მინდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდე და განვიხილო ეს თემა. ზუსტად რა არის ომის პარტია და ვინ არიან ამ ჯგუფის წარმომადგენლები ევროკავშირში, როგორ ფიქრობთ?
"კონკრეტულ პარტიას ვერ დავასახელებდი, რომელიც ამას აკეთებს, მაგრამ ეს არის იმ ადამიანების რაოდენობა ევროკავშირში, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინის ომის ერთადერთი მისაღები შედეგი, რუსეთის სრული დამარცხებაა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც, როცა უკრაინაში მშვიდობაზე ან რუსეთთან მშვიდობაზე საუბრობენ, გულისხმობენ (და ამას ღიადაც ამბობენ), რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი გავა დონბასიდან, ყირიმიდან და ვლადიმერ პუტინს ჰააგაში გაგზავნიან ომის დამნაშავეთა ტრიბუნალის წინაშე წარსადგენად. ისინი გეტყვიან, რომ ეს იქნება სამართლიანი მშვიდობა და რომ ისინი მხარს უჭერენ ასეთ სამართლიან მშვიდობას. და ნებისმიერი რამ, რაც ამაზე ნაკლებია, ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერ დათანხმდებიან ომის დასრულებას და ჯობია გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა და მათთვის იარაღის მიწოდება, რათა მათ გააგრძელონ, როგორც ომის პარტია ამბობს, საკუთარი თავის დაცვა რუსეთისგან.
მაგრამ რეალურად ხდება ის, რომ ეს ადამიანები იყენებენ უკრაინელებს რუსეთის წინააღმდეგ სისხლიანი ომის საწარმოებლად. აგრძელებენ ბრძოლას მაშინაც კი, როდესაც ბრძოლის ველზე არსებული ყველა შედეგი აჩვენებს, რომ ამის მოგება შეუძლებელია და უბრალოდ სულ უფრო მეტი ადამიანი იღუპება. უფრო მეტ უკრაინელს აგზავნიან წინა ხაზზე, რაც საბოლოო ჯამში სასიკვდილო განაჩენია - ეს ხორცსაკეპია. მაგრამ ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ "ეს არის მშვიდობისკენ მიმავალი გზა", ამას წარმოაჩენენ როგორც ქმედებას, რომელიც საბოლოოდ მოიტანს იმ მშვიდობას, რაზეც ფიქრობენ.
მაგრამ მე ამ ადამიანებს აღვწერ, როგორც ომის პარტიას ან ომის გამჩაღებლებს, რადგან მათ არ სურთ რეალურად დასხდნენ რუსეთთან და თქვან: "კარგი, ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე და გავიგებთ, რომ თქვენც გქონდათ ომი ოთხნახევარი წლის განმავლობაში. ჩვენ გავიგებთ, რომ თქვენც გაქვთ პრეტენზიები და რომ ეს იყო ჩვენი, ნატოს მხარის გადაწყვეტილება, დაგვეჟინებინა ნატოს და ნატოს შეიარაღების უკრაინაში განთავსება და თქვენსკენ მიმართვა, რამაც ხელი შეუწყო ამ ომს და ჩვენ შევეცდებით მოვძებნოთ მოლაპარაკებების გზით მთელი ამ საქმის მოგვარება." ომის პარტია ამას შეეწინააღმდეგება. ისინი ამას დაყვავებას დაარქმევენ და ის ჯგუფი, რომელიც ასე მსჯელობს, ვინც ნებისმიერ სათანადო მოგვარებას, მოლაპარაკებების გზით მიღწეულ შეთანხმებას - ისეთს, რომელიც აღიარებს არსებულ გეოპოლიტიკურ და სამხედრო რეალობას, მათ უწოდებს დამარცხებულებს ან რუსულ პროპაგანდას.
როდესაც მე ვსაუბრობ ომის პარტიაზე, მე ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ ამგვარ აზროვნებას და ეს აზროვნება არის ურსულა ფონ დერ ლაიენთან, კაია კალასთან, ბევრ ადამიანთან ევროპარლამენტში, ევროპის საბჭოში და თქვენ უბრალოდ ბევრ ასეთ გამონათქვამს ნახავთ. ასე რომ, ეს არ არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტია, ეს არ არის ევროპულ სახელმწიფოებში ამა თუ იმ პარტიის ერთი კონკრეტული ხელმძღვანელი. ეს უფრო საერთო რწმენაა, საერთო იდეოლოგია ბევრ ადამიანს შორის. მეორე მხარესაც არიან ადამიანები, ევროპარლამენტის წევრები, როგორიცაა მიხაელ ფონ დერ შულენბურგი და რამდენიმე სხვა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინელების ამგვარ შეტყუებას რუსების ხიშტებზე. მაგრამ ისევ და ისევ, ამ ადამიანებს შემდეგ არქმევენ სახელებს, ან პუტინის აპოლოგეტებს და ასე შემდეგ. ასე რომ, ევროკავშირში ყველა არ მიეკუთვნება ამ ბანაკს. მაგრამ ვიტყოდი, რომ იდეოლოგია, რომელიც დღესაც ამბობს, რომ ერთადერთი მისაღები შედეგი რუსეთის სრული დამარცხება და კაპიტულაციაა - ეს ჯგუფი რეალურად საკმაოდ დიდია".
- მაგრამ როდესაც ადამიანები საუბრობენ მსგავს თემებზე და ამბობენ, რომ, იცით, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ომის ნაწილი... ბევრჯერ, მაგალითად კაია კალასი ან სხვა ადამიანები, ბიუროკრატები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ევროკავშირს, ამბობენ, რომ ისინი არიან პრორუსები და ამგვარი აზროვნების ადამიანებს ამ იარლიყს აკრავენ. როგორ ხედავთ ევროკავშირის ამგვარი პოზიციის მომავალს, როდესაც ისინი იარლიყს აკრავენ აბსოლუტურად ყველას, ვინც მათი პოლიტიკის წინააღმდეგია? როგორ შეიძლება ეს დასრულდეს და რა შეიძლება მოხდეს საბოლოოდ ევროკავშირისთვის, როდესაც ისინი არ იზიარებენ სხვა ადამიანების, ასევე იმ ადამიანების მოსაზრებას, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს?
"ეს არის ძალიან საშიში აზროვნება და ვწუხვარ, რომ ის ასე გავრცელებულია ევროკავშირში და ზოგადად, ევროპაში. ის დაფუძნებულია ძალიან ტრადიციულ ევროპულ აზროვნებაზე სიკეთის ბოროტების წინააღმდეგ. ერთი მხარე უნდა იყოს კეთილი, ამიტომ მეორე მხარე ბოროტი და ბოროტებასთან რაიმე სახის შეთანხმების დადება არ შეიძლება. ისინი განაგრძობენ რუსეთის წარმოჩენას, როგორც ახალ ნაცისტურ გერმანიას, არა? და ვლადიმერ პუტინს, როგორც ახალ ჰიტლერს. ნაცისტური გერმანია და ჰიტლერი კი ბოროტები იყვნენ. მათ ჩაიდინეს უკიდურესად ბოროტი, აბსოლუტურად საზარელი რაღაცები და რადგან ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი ასეთია, მათ აქვთ ბევრი რიტორიკული ძალა და საბრძოლო მასალა საიმისოდ, რომ თქვან: ჩვენ არასდროს არ უნდა დავუყვავოთ რუსეთს. ამიტომ, უნდა დავამარცხოთ რუსეთი და რუსეთს შესაბამისად უნდა მოვექცეთ.
კაია კალასმა, ევროკავშირის წარმომადგენელმა, პრაქტიკულად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პირდაპირ თქვა კიდეც: "რუსეთი უნდა დაიშალოს, კარგი იქნებოდა, თუ რუსეთი 15 ან 16 პატარა სახელმწიფოდ დაიყოფოდა". ასე რომ, მის წარმოსახვაში, ის, რაც დაემართა საბჭოთა კავშირს, რუსეთსაც უნდა დაემართოს და ის ამას ღიად ამბობს. ეს აშკარად აღიქმება რუსების მიერ როგორც დიდი საფრთხე და რუსებს სჯერათ ამგვარი რიტორიკის, რომ ევროპელებს ამის გაკეთება სურთ. ახლა, რას იწვევს ეს - მხოლოდ ზრდის ევროპასა და რუსებს შორის უფრო დიდი ომის ალბათობას, რადგან ორივე მხარე იწყებს ამის აღქმას ეგზისტენციალურ საფრთხედ. თუმცა უნდა ვთქვა, რომ მე ვეკუთვნი იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინის ომი საერთოდ არ წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს ევროკავშირისთვის. კითხვა იმაში მდგომარეობს, გსურთ თუ არა რუსეთთან შეთანხმების გამონახვა და რეალურად მთელი ამ ამბის პანევროპულ მოგვარებამდე მისვლა.
მაგრამ ძალიან, ძალიან საშიშია, რომ რაც უფრო მეტად უბიძგებენ ევროპელები რუსეთთან მეტი ომისკენ - და ამჟამად ისინი ცდილობენ ამ ომის მიმართვას უკრაინის გავლით - მით უფრო იზრდება რისკი იმისა, რომ რაღაც მომენტში რუსები საპასუხო დარტყმას მიაყენებენ, თან პირდაპირ ევროპას. მაშინ ჩვენ გვექნებოდა სრულმასშტაბიანი ომი რუსეთსა და ნატოს შორის და ეს სცენარი სულ უფრო სავარაუდო ხდება. ეს უკიდურესად საშიშია და უაღრესად სულელურია რეალურად ამ გზით წასვლა, მაგრამ ევროკავშირს ამჟამად მაინც სურს ამის გაკეთება. ამ ჩარჩოში ისინი აღიქვამენ ნეიტრალიტეტის მოძრაობებს, როგორიცაა საქართველოში, მაგალითად საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის, პარტია "ქართული ოცნების" მიდგომას, დარჩეს ნეიტრალური, აღიქვამენ როგორც რუსეთის სასარგებლოდ ყოფნას, რადგან ყველაფერს, რაც არ ემსახურება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას, სიკეთის გამარჯვებას, იცით, ერთადერთ სამართლიან გზას, ისინი აღიქვამენ როგორც პრორუსულს. რაც, რა თქმა უნდა, აბსურდულია, რადგან საქართველო, მაგალითად, უბრალოდ ცდილობს მიაღწიოს საქართველოსთვის საუკეთესოს.
მაგრამ ბრიუსელში, ევროპაში ამ იდეოლოგიის მქონე ადამიანები სამწუხაროდ ფიქრობენ და აიგივებენ ნებისმიერ რამეს, რაც არ ეხმარება რუსეთის წინააღმდეგ ომს, რუსეთის დახმარებასთან. სწორედ ამიტომ არის ასეთი რთული ნეიტრალური სახელმწიფოებისთვის ან ნეიტრალური აქტორებისთვის რეალურად თავიანთი საქმის კეთება, რადგან მათ გააკრიტიკებს ორივე მხარე. იცით, საქართველო იდეალური მაგალითია. საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ორი პროვინცია რუსული ოკუპაციის ქვეშ და ევროკავშირი მას აკრიტიკებს იმის გამო, რომ არ არის საკმარისად პროევროპული, რომ არ არის მზად იყოს კიდევ უფრო მგზნებარედ ანტირუსული. ასე რომ, ეს ძალიან რთული სიტუაციაა. მაგრამ ვიტყოდი, რომ ევროკავშირის მდგომარეობა, რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე ევროკავშირისთვის ამ მომენტში კიდევ უფრო მაღალია. ასე რომ, ვფიქრობ, ომის შანსები რუსეთსა და საქართველოს შორის რეალურად საკმაოდ დაბალია ახლა, ვიდრე რუსულ-ევროპული სრულმასშტაბიანი ომისა, რადგან ისინი უკვე ომში არიან, ოღონდ უკრაინის შიგნით. თუმცა ეს შეიძლება ძალიან სწრაფად გავრცელდეს".
- ამ გლობალურ კონტექსტში და ამ სიტუაციაში კვლავ დავუბრუნდები იმ დროს, როცა აქ, თბილისში იყავით. თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო შეიძლებოდა გამხდარიყო მეორე შვეიცარია თავისი პრაგმატული პოლიტიკით და იმ პოლიტიკით, რასაც დღეს ვხედავთ. როგორ ხედავთ რეალურად ქვეყნის ასეთ განვითარებას, როდესაც რეგიონში ბევრი ლოკალური ომია. მაგალითად, ვხედავთ ომს ირანში, მოვლენებს უკრაინაში და ასევე არის ინფორმაცია, რომ რუსეთმა შეიძლება დაიწყოს ომი პოლონეთში და ა.შ. როგორ ხედავთ საქართველოს განვითარებას იმ გზით, როგორც ეს შვეიცარიამ გააკეთა თავის დროზე?
"სიმართლე გითხრათ, გულწრფელად ვფიქრობ, რომ სიტუაცია 1815 წლის შვეიცარიასა და 2026 წლის საქართველოში შედარებით მსგავსია. თუმცა, შვეიცარიისთვის მაშინ ნაპოლეონის ომების დასასრული იყო და აქ, 2026 წელს, ჩვენ ჯერ კიდევ ომით ვართ გარშემორტყმული, მაგრამ გეოპოლიტიკური პრობლემა ძალიან მსგავსია. თქვენ ხართ დერეფანი, საქართველოც არის პატარა ერი ძალიან დიდების გვერდით და საქართველო, თუ ის მოახერხებს ყველა მხარისთვის სიგნალის მიცემას, რომ საქართველოდან მათ მიმართ საფრთხე არ წამოვა, მაშინ ვფიქრობ, მას აქვს საუკეთესო შანსი, რომ სხვებმა, განსაკუთრებით რუსებმა თქვან: "კარგი, თქვენ იყავით თქვენთვის, საქართველოვ, უბრალოდ უზრუნველყავით, რომ არასდროს გახდეთ ჩვენთვის საფრთხე." ასე რომ, საქართველოს ნეიტრალიტეტი ძირითადად მოემსახურება რუსეთს იმ გაგებით, რომ უზრუნველყოფს ამ ფრონტის, ამ ფლანგის საფრთხისგან დაცულობას. ამავდროულად, საქართველო მიანიშნებს სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს: "შეხედეთ, ჩვენ არ ვართ არანაირ საომარ კოალიციაში. ჩვენი სივრციდან თქვენ არასოდეს დაგემუქრებათ საფრთხე. უბრალოდ დაგვტოვეთ ასე, დაგვტოვეთ ისეთები, როგორებიც ვართ და მერე ჩვენ გადაგიჭრით უსაფრთხოების პრობლემას აქეთ".
ამავდროულად, გულწრფელად ვფიქრობ, რომ 1955 წელი ავსტრიის შემთხვევაშიც არის მოდელი იმისა, თუ როგორ შეიძლება ამგვარი ნეიტრალიტეტის მიღწევა ან რისი გაკეთება შეუძლია მას. იცით, ავსტრია გახდა ნეიტრალური 55-ში, როდესაც მათ პირობა მისცეს რუსებს, საბჭოთა კავშირს, რომ გახდებოდნენ ნეიტრალურები შვეიცარიის გვერდით და საბჭოთა კავშირმა ეს მიიღო. საქმე იმაშია, რომ საბჭოთა კავშირს იმ დროს სურდა გერმანიაც გაეხადა ნეიტრალური, მთლიანი გერმანია. მათ თქვეს, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს გაერთიანებული გერმანია, როგორც ნეიტრალური სახელმწიფო, თუ ის ამას მიიღებს. მათ ამით ცოტა დაიგვიანეს და მხოლოდ დაგვიანებით მიხვდნენ, რომ ავსტრიის გამოყენება შეეძლოთ სამოდელო შემთხვევად. მოდით ვანახოთ ყველას, რომ ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ ნეიტრალიტეტს გერმანიისთვის, იმით, რომ მას ავსტრიას მივანიჭებთ. იმ დროისთვის უკვე გვიანი იყო.
მაგრამ შეხედეთ სიტუაციას ახლა. რუსები ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ცდილობდნენ თავიანთი პოზიციის გატანას, რომ უკრაინა უნდა იყოს ნეიტრალური, ის უნდა გახდეს ნეიტრალური. სტამბოლის შეთანხმებებშიც კი, რომელიც თითქმის შევიდა ძალაში 2022 წელს, მათ იმ ფურცელზეც კი დაწერეს, რომელსაც ინიციალები დაუსვეს, რომ უკრაინა აუცილებლად უნდა იყოს ნეიტრალური და დონბასი შეიძლებოდა დარჩენილიყო უკრაინის შემადგენლობაში, მათ უნდოდათ ამის დაფიქსირება. და იცით, საქართველოვ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს, შეგიძლიათ თქვათ: "ჰეი, ის სტამბოლის შეთანხმება, იცით რა, მოდით ჩვენ შეგპირდებით ნეიტრალიტეტს, მაგრამ სანაცვლოდ თქვენც დაგვიბრუნებთ ჩვენს ორ პროვინციას, როგორც ავტონომიურ რეგიონებს საქართველოს შემადგენლობაში. და ჩვენ გვექნება ჩარჩო, რომელიც ძალიან ჰგავს იმას, რისი გაკეთებაც გინდოდათ უკრაინელებთან, რას იტყვით ამაზე?"
ვგულისხმობ, ეს იქნებოდა მოლაპარაკებების სტრატეგია და პოზიცია, რომელმაც შესაძლოა შედეგი არ გამოიღოს რამდენიმე დღეში ან რამდენიმე თვეში, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ისეთი რამ, რაც ვფიქრობ, რუსებისთვის საინტერესოდ გამოიყურება. ეს რომ უბრალოდ შეეთავაზებინათ მათთვის, ან მათთვის ეცნობებინათ, რომ საქართველო შეიძლება ყოფილიყო მათთვის წარმატებული მცირე შემთხვევა იმისა, რისი გაკეთებაც ისედაც სურთ უკრაინასთან. ასე რომ, იცით, არის დიდი დიპლომატიური თავისუფლება და სივრცე, რომელსაც ეს ნეიტრალიტეტის ვარიანტი ხსნის საქართველოსთვის, რათა საქართველომ მეტი მიიღოს ამისგან და განმუხტოს სიტუაცია ამ ორ პროვინციასთან, განმუხტოს ურთიერთობა რუსებთან და შესაძლოა რუსებს მისცეს კიდეც ისეთი რამ, რაც შეიძლება სურდეთ უკრაინასთან ურთიერთობის გასაგრძელებლად, რომელიც რაღაც მომენტში ასე თუ ისე მოსაგვარებელია. მაგრამ საქართველოს ნეიტრალურად ქცევის წარმატებული შემთხვევა - ნეიტრალიტეტისა, რომელიც ემსახურება ყველა მხარეს, ყველა მონაწილეს, შეიძლება რეალურად იყოს ისეთი რამ, რამაც, თუ რუსებს შესთავაზებენ, შესაძლოა ახალი დიპლომატიური გზები გახსნას წინ".