გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. იმის გასაგებად, მოიპოვა თუ არა სწავლის უფლება, გამოსაცდელმა ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე უნდა გადაამოწმოს.
2026 წელს სწავლის უფლება მოიპოვა 34 150-მა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862 აბიტურიენტი, კერძო უნივერსიტეტებში კი 11 619.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ახალგაზრდებს სასწავლებლებში ჩარიცხვა მიულოცა.
"მსურს, თითოეულ ახალგაზრდას, რომელმაც დამსახურებულად მოიპოვა თავისი ცოდნით და მიზანმიმართულებით სტუდენტის სტატუსი, მივულოცო ეს წარმატება და ძალიან ბევრი წინსვლა ვუსურვო. ჩვენ გვყავს საამაყო და ძალიან ნიჭიერი თაობა და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ეროვნული გამოცდების შედეგად.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ინტენსიურად ახორციელებს უმაღლესი განათლების რეფორმას და ამ რეფორმის შედეგად, წლიდან წლამდე, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება და ყველა ის მატერიალურ-ტექნიკური საჭიროება, რომლის წინაშეც სასწავლო პროცესი უნივერსიტეტებში დგას, უზრუნველყოფილი იქნება," - აცხადებს გივი მიქანაძე.