05 სექტემბერი 2026,   00:29
ვრცლად
სტიქია კანადაში - ტორონტოს ძლიერი შტორმი, წვიმა, ქარი და სეტყვა ერთდროულად დაატყდა თავს

ტორონტოს ძლიერი შტორმი, წვიმა, ქარი და სეტყვა ერთდროულად დაატყდა თავს. დაზარალებულ რაიონებში, წყლის დონის მატებასთან ერთად, პრობლემები შეექმნა მუნიციპალურ ტრანსპორტს, გადაიკეტა საქალაქთაშორისო მაგისტრალები, შეფერხდა რკინიგზისა და აეროპორტის მუშაობა. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ასწლოვანი ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. დენის გარეშე 150 000-ზე მეტი მომხმარებელი დარჩა.

კადრები, რომელზეც ტორონტოში დამანგრეველი შტორმის დროს მომხდარი ინციდენტია ასახული, სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ქარიშხალი სწორედ იმ დროს ამოვარდა, როდესაც მუშები ცათამბჯენის ფასადს აწესრიგებდნენ. კონსტრუქცია შენობას შეეჯახა და წონასწორობა დაკარგა. მათი გადარჩენა ახლომდებარე აივანზე გამოსულმა ადგილობრივებმა შეძლეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარს უკვე უწოდა ასწლოვანი შტორმი. ტორონტოში მსგავსი მასშტაბის სტიქია აქამდე არ დაფიქსირებულა. ქალაქის სხვა და სხვა წერტილში ახლა მობილიზებულია სამაშველო სამსახური - პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

სპეციალისტების შეფასებით, შტორმი გლობალური დათბობით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. მეტეოროლოგები კანადაში ექსტრემალური ამინდის გახშირებას და გაძლიერებას პროგნოზირებენ.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები