თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმის ფარგლებში დაკავებული ორი პირის პროცესი იმართება. ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში, ანასტასია ბერუაშვილს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ.
სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევაზე მსჯელობენ. სასამართლოში იმყოფება მოკლული გიგა ავალიანის დედაც.
ნია იმნაძის ადვოკატის განცხადებით, ინფორმაციის სრული დამუშავების და შესწავლის შემდეგ, ნია იმნაძის საწინააღმდეგოდ წაქეზების ნაწილთან დაკავშირებით ვერცერთი კონკრეტული მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს.
"ჩვენ შევისწავლეთ ათეულობით ტომი, დავამუშავეთ მოცულობითი ინფორმაცია გარე მეხსიერების ბარათებზე. 46 ცალი მობილური ტელეფონია ამოღებული, აღნიშნული ინფორმაციის სრული დამუშავება მოვახდინეთ და აღნიშნული მასალების შესწავლიდან გამომდინარე, ვერ ვიპოვეთ ვერცერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ბუნებაში შეუძლებელია ყოფილიყო, რომ არსებულიყო ნია იმნაძის საწინააღმდეგოდ წაქეზების ნაწილთან დაკავშირებით", - განაცხადა ნია იმნაძის ადვოკატმა გიორგი ლეკიაშვილმა.