სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა ლევან ახალაიას, რომელმაც პირს სიტყვიერი შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში მიაყენა. 1500 ლარით დაჯარიმდა მიხეილ ტურიაშვილი, რომელმაც სიძულვილის ენა ლევან სანიკიძის წინააღმდეგ გამოიყენა. შალვა ელიზბარაშვილს კი 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა თამარ ბაგრატიონს მიაყენა.
როგორც შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ანი კაკიაშვილი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა შალვა ელიზბარაშვილის საქმე, რომელსაც ოქმის შემდგენი ორგანო ედავებოდა 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.
"სასამართლომ განიხილა რამდენიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც დაკავშირებული არის როგორც მოგეხსენებათ სიძულვილის ენასთან, მათ შორის გახლდათ მოქალაქე გიორგი ჯიბლაძე.
აღნიშნული პიროვნება სოციალურ ქსელში იყენებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, შესაბამისად განსჯადობის წესების დაცვით გადაიგზავნა მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოში, აღნიშნული პიროვნება ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, სახდელის სახით კი განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა შალვა ელიზბარაშვილის სავარაუდო სამართალდარღვევის საქმე, რომელსაც ასევე ოქმის შემდგენი ორგანო ედავებოდა 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას, კერძოდ ბატონმა შალვა ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ თამარ ბაგრატიონს. სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაადგინა აღნიშნულ პიროვნებასთან მიმართებით სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი." - აცხადებს ანი კაკიაშვილი.