საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ანალიტიკური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
შეხვედრების ფარგლებში ისაუბრეს: სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, უსაფრთხოების რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე, საქართველოს სატრანზიტო როლსა და ამ მხრივ არსებულ ეკონომიკურ, სატრანზიტო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ შესაძლებლობებზე.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მნიშვნელობას, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის დაბალანსებულ და კონსტრუქციულ პოლიტიკას. ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობას. განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა და „შუა დერეფნის“ როლი ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის გაძლიერებაში.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი; სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე; ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.