"უმძიმესი დანაშაული ქართული სამხედროების მიმართ" - "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ ეხმიანება გიორგი ბარამიძის პატიმრობაში ყოფნას.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას მისი ვერანაირი ინტერპრეტაცია ვერ გაამართლებს.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც. გია ვოლსკის განცხადებით, უსაფუძვლო ბრალდება, რომ ქართველი სამხედროები ჩადიოდნენ ომის დანაშაულს, შესაძლოა მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს ემსახურებოდეს.
"ასე უაპელაციოდ, ასე უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ჩადიოდნენ ესოდენ მძიმე დანაშაულს, რასაკვირველია, შეიძლება ემსახურებოდეს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს.
ჯერ ერთი, სიცრუეა, რომ ეს ხდებოდა და მეორე, პირდაპირ სახელმწიფოზე მიტანილი შეტევაა და უფრო მძიმედაც შეიძლება შევაფასოთ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ორი დღის წინ, წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბარამიძეს სამშობლოს ღალატს და საბოტაჟში ადანაშაულებენ.
საქმე ეხება მის მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ ქართული შეიარაღებული ძალები აფხაზეთის ომის დროს ტყვეებს ხვრეტდნენ.