04 ნოემბერი 2026,   09:34
ვრცლად
"ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგიტოვებთ" - პრემიერ-მინისტრის დავალებით, თბილისის მერია გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება

"ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგიტოვებთ" - თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს თბილისის მერია დაეხმარება.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, აღნიშნულ საკითხს დეტალურად შეისწავლიან და დაზარალებულების საჭიროებებს გაეცნობიან:

"როგორც იცით, გუშინ მოხდა სამწუხარო ფაქტი, სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე, სადაც ბევრი ადამიანი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, ხანძარი გაჩნდა და ბევრი ადამიანისთვის ძალიან დიდი პრობლემა შექმნა.

დღეს ამ ადამიანების გარკვეული ჯგუფი მოსული იყო მერიაში და ითხოვდნენ დახმარებას - თუ შეგვიძლია რაიმე სახით გავუწოდოთ ხელი. მე მქონდა პრემიერ-მინისტრთან საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და პრემიერმა დაგვავალა, რომ დეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საკითხი. შესაბამისად, ვიცე-მერი ბატონი გიორგი ტყემალაძე მზად არის, შეხვდეს საინიციატივო ჯგუფს, ამ ადამიანებს მოუსმინოს, მოგისმინოთ და დავიწყოთ დეტალური მოკვლევა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ. რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით და ვიქნებით თქვენს გვერდით,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები