სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის დანიშვნაზე პარლამენტი 16 სექტემბერს იმსჯელებს. პროცედურების შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი ოთხშაბათს უყრის კენჭს. სპიკერმა გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
"უპირველეს ყოვლისა, მინდა გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რანგში და წარმატება ვუსურვო მის შემდეგ საქმიანობაში. უკვე შემოსული არის პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული კანდიდატურის, თამაზ ბორაშვილის წარდგინება, რომელსაც დღეს გადავცემთ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს. რეგლამენტიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩანიშვნა არის საჭირო კომიტეტის სხდომის, ოთხშაბათს დილით ჩაინიშნება კომიტეტის სხდომა, ორდღიანი ვადის გათვალისწინებით და ოთხშაბათს გვექნება უკვე კანდიდატურაზე კენჭისყრა პარლამენტში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.