21 სექტემბერი 2026,   19:34
ვრცლად
"არაფრის ფასად, საქართველო არ დათმობს აფხაზეთისა და ცხინვალის ისტორიულ რეგიონებს" - ლევან მახაშვილი

ანტიაფხაზური კამპანია - ამჯერად ნიკა გვარამიამ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები ერთ-ერთ პოდკასტში გააკეთა. "აფხაზებს და ქართველებს არ უყვართ ერთმანეთი. ჩვენ ვართ მტრები" - აცხადებს კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის კონტექსტში სომხური მოდელიც ახსენა და მიანიშნა, რომ, ყარაბაღის მსგავსად, საქართველომ ოკუპირებული რეგიონი უნდა დათმოს.

შერიგების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება, რომელიც ოპოზიციისა და გარე ძალების ინტერესებზე საუბრობს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ხელისუფლება შერიგებაზე, პატიებასა და მშვიდობაზე საუბრობს, მაშინ როდესაც ოპოზიცია, მისი შეფასებით, ზიზღისა და დაპირისპირების რიტორიკას აგრძელებს. 

"საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ შერიგებაზე, პატიებაზე, სიყვარულზე, ეს ადამიანები დღე და ღამე საუბრობენ ზიზღზე, დაპირისპირებაზე, შურისძიებაზე, სიძულვილზე და მერე უკვირთ, როდესაც ამ ადამიანებს ვეძახით ომის პარტიას.

როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, სწორედ ზიზღს და სიძულვილს თესავდნენ, მათ შორის ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან და ოპოზიციაშიც იგივეს აკეთებენ.

ამიტომ, ყველაფერი ნათელია, რა თქმა უნდა, მათი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ თუკი რაიმე იმედი არსებობს შერიგების, მშვიდობიანად დარიგებულების, ყველანაირი იმედი მოკლან, ყველანაირი პერსპექტივა ჩაახშონ და ამ ქვეყანას აღარ ჰქონდეს აბსოლუტურად არანაირი პერსპექტივა გაერთიანების.

ვხედავთ ძალიან კარგად, რომ არის ერთიანი ფრონტი გახსნილი იმისთვის, რომ ყველანაირი პერსპექტივა ქვეყნის გაერთიანების ჩანასახშივე მოკლან და ამით პრინციპში ლეგიტიმაციასაც აძლევენ ოკუპაციას, იმიტომ, რომ ამბობენ რაღაც აზრს, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც ახსენა, რომ შევეგუოთ, საზოგადოება უნდა შეეგუოს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირში თუ ნატოში შეიძლება გავწევრიანდეთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე.

არაფრის ფასად, საქართველოსთვის საქართველო არ დათმობს აფხაზეთისა და ცხინვალის ისტორიულ რეგიონებს", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

დღის ამბები