პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, "ღამის კურიერის" ეთერში, 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეებთან გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრა.
"4 ოქტომბრიდან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი გადაიდგა, ეს ჰუმანური ნაბიჯი. ფაქტი სახეზეა: თუ არ ვცდები, უკვე ნახევარს თუ ნახევარზე მეტს აქვს დაწერილი აღიარება და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, როგორც დავპირდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მძიმე დანაშაულია, რაც მათ ჩაიდინეს, სახელმწიფო მათ აძლევს შანსს იმისთვის, რომ ყველაფერი გადააფასონ და აღარ მიიღონ ძალადობრივ რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობა. ბულინგის ტყვეობაშია ძალიან ბევრი, ვინაიდან თავიანთი თანამებრძოლები საშინელ წნეხში, ფაშისტური მეთოდებით ატარებენ, საკუთარი შვილებიც, გვარებს არ დავასახელებ, ყველამ კარგად ვიცით და აიძულებენ, რომ დარჩნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რაც ძალიან ცუდია. ვისურვებდით, ყველას გადაეაზრებინა, გამოსულიყვნენ და აღარ გაეკეთებინათ ის დანაშაული, რა დანაშაულიც ჩადენილი აქვთ", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ცნობისთვის, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მოწოდების, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების აღიარების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ დღეს რუსთავის მეთორმეტე პენიტენციური დაწესებულება დატოვა - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამივე დანაშაული მოინანია და საპროცესო შეთანხმებას ხელი საკუთარი ნებით მოაწერა. აღიარებისა და მონანიების საფუძველზე, ციხის კარი დღეს ლაშა ბერიძისთვისაც გაიღო. გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა კიდევ ერთხელ აღიარა, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი პროცესების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი თავად იყო.