ანტიაფხაზური კამპანია - ამჯერად ნიკა გვარამიამ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები ერთ-ერთ პოდკასტში გააკეთა. "აფხაზებს და ქართველებს არ უყვართ ერთმანეთი. ჩვენ ვართ მტრები" - აცხადებს კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის კონტექსტში სომხური მოდელიც ახსენა და მიანიშნა, რომ ყარაბაღის მსგავსად საქართველომ ოკუპირებული რეგიონი უნდა დათმოს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, აფხაზებისა და ოსების მიმართ სიძულვილის გაღვივება საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
"ვისაც აფხაზები სძულს, ვისაც ოსები სძულს, მას სძულს საქართველო. მას სძულს ქართველი ხალხი და მისი განცხადება, სამარცხვინო განცხადებაა და პირდაპირ, ესე იგი, ერთიან ამ ნარატივში ჯდება. ჩვენ გვახსოვს რა განცხადებაც გააკეთა მისმა თანამოაზრემ, თანამებრძოლმა ბარამიძემ.
როდესაც რაღაც გარკვეული ყინული ლღვება და შერიგების კონტურები გამოიკვეთა ჩვენსა და აფხაზებს შორის და ჩვენსა და ოსებს შორის, მაშინვე ამ აგენტურამ აამუშავა თავისი სცენარები, იმიტომ, რომ აფხაზებისა და ქართველების შერიგება, ოსებისა და ქართველების შერიგება მათთვის არის მიუღებელი. მათთვის მთავარია, ქვეყანაში იყოს არეულობა, მუდმივად იყოს რაღაცა კონფლიქტის კერები და ეს დავალება მიიღეს თუ არა, ამ სამარცხვინო ადამიანმა, რომელიც თვითონ აფხაზეთიდან არის, გააკეთა ასეთი განცხადება.
არ გამოუვა ბატონ გვარამიას და მის თანამოაზრეებს ასეთი სიბინძურე და ტყუილად აბრალებენ ქართველ ხალხს რაღაცა სიძულვილს. ქართველ ხალხს არავინ არ სძულს. ეს მათი ნარატივია, მათი დღის წესრიგია, მათი ფიქრია და მე ვფიქრობ, ამ კაცს არავინ არ უყვარს, ქართველი ხალხიც არ უყვარს ამ ადამიანს, უყვარს მარტო თავისი გარე პატრონები", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.