ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციის შედეგად, რთველის ფარგლებში ჩასაბარებელი ყურძნის ფასები შეიცვალა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება წელს უხვი ნალექისა და ყურძნის შაქრიანობის შემცირების გათვალისწინებით მიიღეს და ახალი ფასები ყურძნის კონდიციურობის მიხედვით განისაზღვრება.
მეხუზლას ინფორმაციით, მაღალკონდიციური საფერავის ფასი 1.50 ლარი, რქაწითელისა და სხვა ჯიშების კი 1.30 ლარი იქნება, დაბალკონდიციური საფერავის - 1 ლარი, რქაწითელისა და სხვა ყურძნის - 90 თეთრი. 16 გრადუსამდე ყურძნის ფასი 50 თეთრით, ჰიბრიდის კი 30 თეთრით განისაზღვრა. მისივე თქმით, მევენახეებს, რომლებმაც ყურძენი მოქმედი ფასით უკვე ჩააბარეს, ახალი ღირებულების მიხედვით სხვაობა აუნაზღაურდებათ.
"საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება.
ვითვალისწინებთ რა იმ მოცემულობას, რომ წელს იყო უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, კონდიციურობის მიხედვით იქნება ახალი ფასები“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ დღეს გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ ბრიფინგზე.
კერძოდ:
მაღალკონდიციური ყურძენი: 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში - 1.50 ლარი;
19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1.30 ლარი;
დაბალკონდიციური ყურძენი:
16-დან 20 გრადუსამდე საფერავი - 1 ლარი;
16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი - 90 თეთრი;
"16 გრადუსამდე არაკონდიციურად ითვლება ყურძენი, რომელიც არც საღვინედ არის ვარგისი და არც სასპირტედ, არის ფაქტიურად მკვახე ყურძენი. სახელმწიფოს პოზიცია მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვუშვებთ გამონაკლისს იმისთვის, რომ მევენახემ შეძლოს გაწეული ხარჯების დაფარვა და მისი ღირებულება იქნება 50 თეთრი, ჰიბრიდი - 30 თეთრი.
რაც შეეხება იმ მევენახეებს, რომლებმაც მოქმედი ღირებულებით ჩააბარეს ყურძენი, ახალი ფასებით მოხდება გადათვლა და დაუკომპენსირდებათ შესაბამისი სხვაობა", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.