16 ოქტომბერი 2026,   16:48
ვრცლად
ღვინის ეკონომიკის ამერიკული ასოციაციის მიერ გავრცელებული მონაცემებით ირკვევა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე ევროკავშირის მიერ დასანქცირებულ რუსეთში, ღვინის ექსპორტი მუდმივად იზრდება

ღვინის ეკონომიკის ამერიკული ასოციაციის მიერ გავრცელებული მონაცემებით ირკვევა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე ევროკავშირის მიერ დასანქცირებულ რუსეთში ღვინის ექსპორტი მუდმივად იზრდება. 2025 წელს ევროგაერთიანების ისეთმა წევრებმა, რომლებიც ტრადიციულად ღვინის მწარმოებელ ქვეყნებად არ ითვლებიან, საუბარია ლატვიასა და პოლონეთზე, რუსეთში სულ 210 მილიონი ტონა სარეალიზაციო ღვინო შეიტანეს. სქემა ასეთია - ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური და გერმანული ღვინო ჯერ პოლონეთსა და ლატვიაში შედის, შემდგომ კი მათი სახელით რეექსპორტი ხორციელდება. პარლამენტის სპიკერის აზრით, ამ ფაქტით ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტი კიდევ ერთხელ დასტურდება.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველო რუსეთთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო არაერთი მძიმე თავდასხმის სამიზნე გამხდარა. ამ ფონზე, ღვინის სააგენტოში განმარტავენ, რომ გასულ წელს რუსეთში 61 მილიონი ტონა, წელს კი მხოლოდ 41 მილიონი ტონა ღვინო გავიდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ ქვეყანა გასაღების ბაზრის დივერსიფიცირებას ყოველწლიურად უფრო ეფექტურად ახერხებს.

ლატვიისა და პოლონეთის გავლით სანქცირებულ რუსეთში ღვინის რეექსპორტი ევროკავშირის წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან სრულად მისაღები და გასაგებია ქართული ოპოზიციისთვის. მათი თქმით, ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყანას უფლება აქვს ისე მოიქცეს როგორც სურს, საქართველოს კი არა.

ოპოზიციისა და ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს ინტერესების უგულებელყოფა მოულოდნელი არ არის მმართველი გუნდისთვის. კანონმდებლების თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად ევროკავშირი ღვინითა და სპირტიანი სასმელებით ვაჭრობის გარდა, რუსულ ენერგორესურსებშიც მილიარდობით ევროს იხდის.

საქართველოს ეკონომიკისთვის პოტენციურად დამანგრეველი ნაბიჯების გადადგმის მოწოდებები კი მიზნად კონფრონტაციას და ქვეყნის პროქს ძალად გამოყენების სურვილს ემსახურებოდა.

ღვინის ეკონომიკის ამერიკული ასოციაცია ალკოჰოლური სასმელით ვაჭრობის მონაცემებს ყოველწლიურად აქვეყნებს. გასულ წელს ევროკავშირის წევრი იტალიის, საფრანგეთს, გერმანიას, ესპანეთს, პორტუგალიას, პოლონეთსა და ლატვიას, სანქცირებულ რუსულ ბაზარზე სულ 444 მილიონი ტონა ღვინო აქვთ შეტანილი.

დღის ამბები