15 ოქტომბერი 2026,   22:47
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ლორენცო ფონტანას შეხვდა.

მხარეებმა აღნიშნეს საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა, რათა შენარჩუნდეს ინტენსიური დიალოგი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებზე. დადებითად შეფასდა საპარლამენტო ვიზიტების მზარდი დინამიკა. შალვა პაპუაშვილმა იტალიელი კოლეგა, პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოში მოიწვია.

მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები. ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირს შორის დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას.

ლორენცო ფონტანამ განაცხადა, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე, შეხვდა იტალიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს.

შეხვედრები შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

დღის ამბები