24 სექტემბერი 2026,   00:39
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმეზე პროცესი გაიმართა, რომელიც 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში დამატებითი საგუშაგოს აღმართვას ეხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმეზე პროცესი გაიმართა, რომელიც 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში დამატებითი საგუშაგოს აღმართვას ეხება. დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. გამოკითხეს მოწმეები, კახა კახიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

"ოფიციალურად ინფორმაცია ამის შესახებ არ შემოსულა იმიტომ, რომ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც შემოდიოდა მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომაზე განსახილველად, ჩემი მეშვეობით ადიოდა პრემიერ-მინისტრთან, მე ვსწავლობდი, ვახსენებდი შემდეგ და მერე ერთად ვადგენდით დღის წესრიგს," - აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი.

პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. მისი თქმით, გიორგი გახარიამ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და საკითხი არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, არც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან და არც პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებია.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ არ იყვნენ ინფორმირებული აღნიშნული საგუშაგოს აგებასთან დაკავშირებით. ეს ფაქტობრივი გარემოება, რომ გიორგი გახარიამ აღნიშნული საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად და არ შეათანხმა არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, არც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან და არც პრემიერთან, მათ შორის არც ოფიციალური და არც არაოფიციალური კომუნიკაციით - დასტურდება სწორედ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით," - აცხადებს პროკურორი თამარ იაკობიძე.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივი.

წარდგენილი მუხლი 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები