მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში თუნდაც ხან 20, ხან 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში განუცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და სწორედ ამის გამოა, რომ უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს არა ე.წ. პროტესტს, არამედ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ და განხორციელებულ კურსს.
„მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში თუნდაც ხან 20, ხან 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული. თუმცა მათი ერთგვარი თვითმიზანია, რომ ყოველდღიურად შეიკრიბონ, რათა ამ ყველაფერს დაარქვან უწყვეტი პროტესტი. პირიქით, ამ ქმედებებით ხდება მათი ე.წ. პროტესტის დისკრედიტაცია. როდესაც გამოდიხარ ყოველდღე და ყოველდღე აჩვენებ საზოგადოებას იმას, რომ ხარ ცოტა, ეს ბუნებრივია არავითარ ლოგიკაში არ ჯდება გარდა ერთისა - მათ აქვთ მიღებული დავალება და მათი დავალება პირველ რიგში სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა. ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი. საზოგადოება ხედავს ყველაფერს და სწორედ ამის გამოა, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს არა ე.წ. პროტესტს, არამედ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ და განხორციელებულ კურსს,“- აღნიშნა პრემიერმა.