24 სექტემბერი 2026,   22:47
ვრცლად
რამდენიმე საათში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვა - ცნობილია ის ძირითადი თემები, რომელზეც მთავრობის მეთაური ტრიბუნიდან ისაუბრებს

გაეროში პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, უკვე ცნობილია ის ძირითადი თემები, რომელზეც მთავრობის მეთაური ტრიბუნიდან ისაუბრებს.

ირაკლი კობახიძის გამოსვლა რამდენიმე ძირითად მიმართულებას შეეხება - უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, დიპლომატიის როლი შერიგების საკითხებში. პრემიერ-მინისტრის გზავნილებს შორის იქნება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და სტრატეგიული პროექტები, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სიტყვით გამოსვლამდე, მთავრობის მეთაური გენერალურ მდივანს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ და ანტონიო გუტიერეშმა მრავალწლიან თანამშრომლობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს, ასევე, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ირაკლი კობახიძემ გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც დატოვა. პრემიერ-მინისტრსა და ანტონიო გუტიერეშს შორის შეხვედრა გაეროს ასამბლეის ფარგლებში შედგა, რის შესახებაც ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. გენერალურ მდივანთან საუბარს "ტვიტერზე" გამოეხმაურა მთავრობის მეთაური.

პირისპირი შეხვედრების პარალელურად, ქართული დელეგაციის წევრები პანელურ დისკუსიებში მონაწილეობენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, მონაწილეობა მიიღო გაეროს მშვიდობის მშენებლობის კომისიის მინისტერიალში და დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 

სახელმწიფო ლიდერების სიტყვით გამოსვლებამდე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და შტატებში საქართველოს ელჩი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ კიდევ ერთ დისკუსიას დაესწრნენ, სადაც მსჯელობის თემა იყო, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა და შენარჩუნდეს მშვიდობით მოპოვებული კეთილდღეობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ლაშა დარსალიამ ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაძლიერებაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობასა და შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარებაზე. ფორუმის ფარგლებში, თამარ ტალიაშვილი და ლაშა დარსალია სენატორ სტივ დეინსს და ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდნენ.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომელიც 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს კანდიდატურას მიეძღვნა. შეკრებილ სტუმრებს ვიცე-პრემიერმა სიტყვით მიმართა და თქვა, რომ საქართველო მზადაა, პასუხისმგებლობით ემსახუროს ორგანიზაციას და ხელი შეუწყოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრმაც. მიხეილ სარჯველაძემ, როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, სამუშაო ფორმატში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა საქართველოს გამოცდილებასა და ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმებზე ისაუბრა.

ნიუ-იორკში მყოფ ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. გაეროს გენერალური დებატების ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა.

ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე გამართულ დისკუსიებში, დაესწრო გენერალური ასამბლეის ოფიციალურ გახსნას, შეხვდა ეუთოს თავმჯდომარეს, გაეროსა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნებს. საუბარი შედგა თურქეთის პრეზიდენტთან. მონაწილეობა მიიღო მშვიდობისადმი მიძღვნილ პანელურ შეხვედრაში და დაესწრო დონალდ ტრამპის სახელით გამართულ მიღებას.

დღის ამბები