უპრეცედენტო ინვესტიციის ეკონომიკური კომპასი საქართველოზე გასწორდა. ქვეყანაზე, რომელიც გლობალურ საინვესტიციო რუკაზე პოზიციებს იმყარებს და ეკონომიკას აძლიერებს. ამის ერთ-ერთი დასტურია "იგლ ჰილსის" 6,5-მილიარდიანი ინვესტიციაც, რომლის შედეგადაც ბიუჯეტში ყოველწლიურად 700 მილიონი ლარი შევა. პროექტში, რომელშიც სახელმწიფო, ინვესტორთან ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, 33%-იან წილს ფლობს, 24 000 სამუშაო ადგილის შექმნაა გათვალისწინებული. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქვეყანას დამატებით 8 000 მუდმივად დასაქმებული მაღალკვალიფიციური კადრი ეყოლება.
სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის მიზნები და სარგებელი გაცხადებულია, თუმცა, როგორც ჩანს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება გარკვეული ჯგუფების ინტერესში არ შედის. ამის დასტურია ისიც, რომ უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო. დაანონსდა აქციებიც, თუმცა, დიდი სამზადისის მიუხედავად, შეკრებები მცირერიცხოვანი აღმოჩნდა. ვის ინტერესშია ქვეყნის დაზიანება? სახელისუფლებო გუნდი დეზინფორმაციული კამპანიის მიღმა ოპოზიციისა და მათი დამფინანსებლების კოორდინირებულ ქმედებებს ხედავს. "ქართული ოცნების" განცხადებით, მათ ოპონენტებს სახელმწიფოებრივი პროექტები აშინებთ, რადგან ძლიერი ეკონომიკა ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს საწინდარია.
ე.წ. არაბიზაციის კამპანიაში აქტიურად არის ჩართული "ალტ-ინფო", რომელიც Eagle Hills-ის ინვესტიციის წინააღმდეგ აქციებს მართავს. ბუნდოვანი პოზიციებით, პარტია "კონსერვატორებმა" საზოგადოების ნაწილი ამჯერად თავისუფლების მოედანზე დაპატიჟა. მიწვევას ცოტა დათანხმდა, თუმცა ამ მცირე ნაწილმა და თავად პარტიამაც კიდევ უფრო მცირე არგუმენტები წარმოადგინა - რას ნიშნავს არაბიზაცია და რით ამყარებენ ბრალდებებს? კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ.
ე.წ. არაბიზაცია შიშებზე აგებულ პროპაგანდად და დეზინფორმაციად ფასდება, ვერშემდგარი შეკრებები კი - პოლიტიკურ ფიასკოდ, რადგან, როგორც გურამ ფალავანდიშვილი განმარტავს, ე.წ. არაბიზაცია ოპოზიციის მიერ მოგონილი ტყუილია. ფალავანდიშვილი ბრალდებებს ოფიციალურ სტატისტიკას უპირისპირებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 500 მშენებარე ბინიდან არაბებმა მხოლოდ 8 ბინა იყიდეს. შვიდი არაბული ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეების საერთო რაოდენობა კი, საქართველოში მცხოვრები უცხოელების მხოლოდ 0,3 პროცენტია.
მეგაპროექტის ჩაშლა და ეკონომიკური სარგებლის დაკარგვა - სახელისუფლებო გუნდი საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზანს განმარტავს და აცხადებს, რომ ოპონენტების ცრუ ნარატივი გაშიფრულია, მათი გეგმა კი, ამჯერად რეალობად ვეღარ იქცევა. იხსენებენ წარსულს და "ნამახვანჰესის" პროექტსაც. ამ ორ ამბავს ერთი სცენარი აქვს - "ქართული ოცნება" ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების მიღმა გარე დირექტივებით მოქმედ ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხედავს. ამბობენ, რომ "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ხელისუფლების მაშინდელმა გუნდმა გარედან დაგეგმილ კამპანიას შესაბამისი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რამაც ქვეყნის ინტერესები დააზიანა.
433 მეგავატის სიმძლავრის "ნამახვანჰესის" მშენებლობა, მრავალთვიანი აქციების შემდეგ, 2021 წლის 9 ივნისს ოფიციალურად შეჩერდა. მას შემდეგ თურქული კომპანია "ენკა" 800-მილიონიანი საინვესტიციო ხელშეკრულების ჩაშლის გამო საერთაშორისო არბიტრაჟებში საკომპენსაციო თანხებს ითხოვს. ნამახვანის მცველების სახელით მოქმედებდნენ ცნობილი აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის "საია", "მწვანე ალტერნატივა", "იემსი" და პოლიტიკოსები - ენერგეტიკოს დავით მირცხულავას განმარტებით, პროექტის შეჩერებით ქვეყანას დიდი ზიანი მიადგა.
ეკონომიკური დივერსია ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ - "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას პროტესტის ავტორებს აკისრებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეკოლოგიური საბაბით დაწყებულ პროტესტს პოლიტიკური მიზეზი და მიზნები ჰქონდა. ამ ყველაფრის უკან კი კონკრეტული ძალები იდგნენ - სწორედ ამიტომ, არ გამორიცხავენ, რომ შესაბამისმა უწყებებმა საკითხზე გამოძიება დაიწყონ.
ხელისუფლება განმარტავს, რომ წინა წლებთან შედარებით, ახლა ქვეყანაში რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა და საინვესტიციო პროექტებს ვერაფერი დაემუქრება. ამის საფუძველს გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონმდებლობა და ის ცვლილება ქმნის, რომლის მიხედვითაც სრულად გამჭვირვალე გახდა, სად და რისთვის იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხები.