12 ნოემბერი 2026,   20:06
ვრცლად
"დაზარალებულებს კოტეჯების მშენებლობაზე შეუთანხმდა, მათგან გადაცემული 336 900 ლარი მიისაკუთრა და მიიმალა" - ერთ პირს ბრალდება წარედგინა

"თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა", - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს კოტეჯების მშენებლობაზე შეუთანხმდა და ვალდებულების სწრაფად შესასრულებლად თანხის წინასწარ გადაცემა მოითხოვა.

"ამ დაპირებით, დაზარალებულებმა საწყის ეტაპზე მას 336 900 ლარი გადასცეს, რაც სრულად მიისაკუთრა ისე, რომ აღებული ვალდებულების არცერთი პირობა არ შეასრულა. ამასთან, თანხის დაუფლებისთანავე მიიმალა და თავს არიდებს, როგორც დაზარალებულებთან კონტაქტს, ასევე სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები