საუკუნოვანი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც კი წინასწარ მიიღო.
106 წლის თინა ბებომ ბოლო განსასვენებელი წინასწარ მოამზადა, რა თქმა უნდა, მეუღლის გვერდით. საფლავის ქვაზე უკვე მისი ფოტოცაა, სახელი, გვარი და დაბადების წელიც - 1920. მის თვალწინ შეიცვალა სოფელი, ქვეყანა და მთელი ეპოქა.
არ შეცვლილა მხოლოდ მოგონებები - მოგონებები, რომლებშიც თანაბრად ეტევა ბედნიერი დღეებიც და სევდაც, გაჭირვებაც და სიუხვეც, ომებიც და ისტორიული ცვლილებებიც.
ლექსი პირველად ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 6 წლის ასაკში დაისწავლა და მის მეხსიერებას დღემდე შემორჩა. ბავშვობის მოგონებებიც სწორედ 1920-იანი წლებიდან იწყება.
მის ხელში უამრავმა თაობამ გაიარა. ჯერ სოფლის, შემდეგ კი ქალაქ სიღნაღის ბიბლიოთეკაში მუშაობდა. მაგრამ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორია წიგნში არ წაუკითხავს - ის თავად დაწერა. იმ დროს, როდესაც ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას უმთავრესად უფროსები იღებდნენ, თინა ბებო სიყვარულით გათხოვდა და არა გარიგებით. მეუღლესთან ერთად სოფლის მეურნეობას მისდევდა. ერთად შრომობდნენ და მომავალსაც აშენებდნენ.
თინა ბებო გარდაცვალების შემდეგ მეუღლის გვერდით დასაკრძალადაც წინასწარ მოემზადა.
ალბათ, ასე მხოლოდ ის ადამიანი შეიძლება მოიქცეს, ვინც 106 წლის განმავლობაში სიცოცხლის ფასიც იცოდა და სიყვარულისაც.
თინა გურაშვილის დილა ადრე იწყება. მაღვიძარა არ სჭირდება - ამბობს, რომ მამლის ყივილი აღვიძებს. განსაკუთრებით აივანზე ჯდომა უყვარს. აქედან გაჰყურებს ეზოს, სოფელს, ადამიანებს - სამყაროს, რომელიც ამ 106 წლის განმავლობაში მის თვალწინ არაერთხელ შეიცვალა.
ხანდაზმულობის განსაკუთრებული საიდუმლო არ აქვს. ამბობს, რომ ყველაფერი ღვთის ნება და ბედისწერაა. ასე იყო მაშინაც, როდესაც 80 წლის ასაკში სიკვდილს თვალებში ჩახედა და ექიმები მისი გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ, თუმცა მას შემდეგ უკვე 26 წელი გავიდა.
106 წლის ბებოზე ახლა მისივე გაზრდილი 65 წლის შვილიშვილი ზრუნავს. დიდი ოჯახის ისტორია დღეს უკვე მომავალ თაობებში გრძელდება. თინა ბებოს 19 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. თაობებს შორის მანძილს კი ვერც ათასობით კილომეტრი აბრკოლებს. შვილთაშვილები ყოველდღიურად არიან მასთან კავშირზე - ზოგი გვერდით ჰყავს, ზოგი კი დისტანციურად ესაუბრება.
106 წელი მხოლოდ ასაკი არ არის... ეს უკვე ეპოქალური ისტორიაა. ისტორია, რომელშიც იყო სიყვარული, შრომა, დიდი ოჯახი და მძიმე დანაკარგებიც. საფლავის ქვაც შეიძლება წინასწარ მოამზადო, მაგრამ სიცოცხლის ბოლო თარიღს ადამიანი თავად ვერ წერს. თინა ბებოს ყოველდღიური ყოფა კვლავ ტრადიციულად გრძელდება.