28 სექტემბერი 2026,   16:09
ვრცლად
მარინ ლე პენის პარტია სენატში პოზიციებს იმყარებს და პირველად ქმნის საპარლამენტო ფრაქციას - Euronews

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნულმა გაერთიანებამ" (RN) და მისმა მოკავშირეებმა კვირას გამართულ არჩევნებში მემარჯვენეების მიერ დომინირებულ სენატში რეკორდული - 14 მანდატი მოიპოვეს, რითაც, საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, 348-წევრიან პალატაში მათი რაოდენობა ფაქტობრივად ოთხჯერ გაიზარდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, "ეროვნული გაერთიანება" საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლე პენმა შედეგებს "ისტორიული გამარჯვება" უწოდა.

როგორც Euronews-ი წერს, ლე პენი იმედოვნებს, რომ მომავალი წლის არჩევნებში, როდესაც ცენტრისტი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თანამდებობას დატოვებს, ხელისუფლებაში მოსვლის საუკეთესო შანსი ექნება.

"ეს ისტორიული გამარჯვება და მნიშვნელოვანი ეტაპია: პირველად სენატში ფრაქცია შეიქმნა", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი არჩეული წარმომადგენლები, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, ზედა პალატის წევრების ნახევრის ასარჩევად აძლევენ ხმას, ხოლო თითოეული არჩეული სენატორი ექვსწლიანი ვადით ირჩევა.

ცნობისთვის, ულტრამემარჯვენე პარტია სენატში პირველად 2014 წელს შევიდა ორი მანდატით, როდესაც მას "ეროვნული ფრონტი" ეწოდებოდა, ხოლო 2023 წელს მან სამი მანდატი მოიპოვა.

AFP-ის მიერ შედეგების დათვლის თანახმად, კვირას, RN-ის ცხრა სენატორი აირჩიეს, ამას ემატება სამი სენატორი, რომლებმაც მანდატები 2023 წელს მოიპოვეს.

კიდევ ორი ​​წევრი "რესპუბლიკის მემარჯვენეების კავშირიდან" (UDR) აირჩიეს, რომელსაც "ეროვნული გაერთიანების" (RN) მოკავშირე - ერიკ ჩიოტი ხელმძღვანელობს.

RN-ის პრეზიდენტმა ჟორდან ბარდელამ განაცხადა, რომ პარტიის სენატორები UDR-ის მოკავშირეებთან ერთად ფრაქციას შექმნიან.

დღის ამბები