28 სექტემბერი 2026,   14:53
ვრცლად
არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს... ფაქტია, რომ ეს ადამიანი გაიცვალა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე - მეგის ქარდავას ადვოკატი

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. ქარდავას, ე.წ. კასრების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ამ საქმეზე სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას, წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ ვერცერთი დაზარალებული სასამართლოში ვერ წარმოადგინა.

"არანაირი მოლოდინი ასე არ გვქონია, უბრალოდ, სამართლებრივად, ის გზა უნდა გავიაროთ, როგორც სააპელაციოში, ისევე საკასაციო სასამართლო. არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. დაზარალებულები ამ დანაშაულს საერთოდ უარყოფდნენ. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, განმეორებით უნდა მომხდარიყო დაკითხვა. ბრალდების მხარემ ვერცერთი დაზარალებული სასამართლოში ვერ წარმოადგინა. ფაქტია, რომ ეს ადამიანი გაიცვალა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე", - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

მეგის ქარდავა, სხვადასხვა ბრალდებით, სისხლის სამართლის 11 საქმესთან დაკავშირებით იძებნებოდა. ის 2017 წელს უკრაინაში დააკავეს და 2021 წელს საქართველოს გადმოსცეს. ქარდავა დამნაშავედ ცნეს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის ე.წ. ციხის ბუნტის, ნავთლუღის სპეცოპერაციის, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისება - გაფლანგვის ფაქტებზე.

დღის ამბები