რუსთავში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტები. რუსთავში აქტიურად გრძელდება გზებისა და ქუჩების რეაბილიტაცია, საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება-რესტავრაცია და ურბანული გარემოს გაუმჯობესება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიული უბნების და ავარიული შენობების განახლების პროექტები. მათ შორის - რუსთაველის და თბილისის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პროცესები გარკვეულ დისკომფორტთანაა დაკავშირებული, გასათვალისწინებელია რომ შედეგად, ისეთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხები წყდება დადებითად, რომლებიც ჩვენი ქალაქისთვის ათწლეულების განმავლობაში მთავარ პრობლემებს წარმოადგენდა.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობაა - პირველი ოქტომბრიდან საკრებულოში სტაჟირებას დაიწყებს სამი ახალგაზრდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით შეირჩა. მინდა წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობა ვუსურვო მათ.
ასევე, საკრებულოში უკვე მეორედ იწყება სტუდენტური სტაჟირების პროგრამა "წარმოადგინე შენი ქალაქი". მოხარული ვარ, რომ პირველი ეტაპი წარმატებული და შედეგიანი იყო. ასევე წარმატებები მინდა ვუსურვო მეორე ეტაპის მონაწილე ახალგაზრდებს.
ყურადღება მინდა გავამახვილო "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე. ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა და მნიშვნელოვანია, რომ რუსთავიც აქტიურად იყოს ჩართული ამ კამპანიაში. რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო ამ მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას გეგმავს, რომლებიც მთელი თვის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.
ჩვენი საქმიანობის მთავარია მიზანია, ყველა გადაწყვეტილება მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული მოქალაქეების ინტერესებზე, შესაბამისად, საკრებულოს წევრები აქტიურად არიან ჩართულები ზემოთ აღნიშნულ ყველა პროცესში. ასევე აქტიურ სამუშაო ფაზაშია ქუჩების დამისამართების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, რომლის წევრებიც ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე მუშაობენ ", - განაცხადა სხდომაზე მამუკა რეხვიაშვილმა.
სხდომაზე დამტკიცდა 2026 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები.
დეპუტატებმა მოიწონეს მერიის მიერ ინიცირებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მთავრობის დაფინანსებით ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე განხორციელდება.
დეპუტატების მხარდაჭერით დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა და ქალაქის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის, დეველოპერული კომპანიების მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტები.
ცვლილებები შევიდა მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულებაში. ეკონომიკური განვითარების განყოფილებას უფლებამოსილება ენიჭება უზრუნველყოს რუსთავის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებული ქალაქების, დიპლომატიური კორპუსის და საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება და ადმინისტრირება.