ლევან მაჭავარიანი ბოლო რამდენიმე წლის პოლიტიკურ პროცესებს ერთ ვრცელ განცხადებაში აჯამებს. დეტალურად აღწერს, როგორ იცვლებოდა ოპოზიციაში კონფიგურაცია მას შემდეგ, რაც პარტია "საქართველოსთვის" შეიქმნა.
უმრავლესობის დეპუტატი წერს, რომ სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო საზოგადოებაში გზავნილის გავრცელება, თითქოს ოპოზიციაში გადასული გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყო. რეალურად კი, მისი როლი "ნაციონალური მოძრაობის" ჩანაცვლებას ემსახურებოდა. მაჭავარიანის თქმით, ექსპრემიერის პარტია, რომელიც კონსტრუქციულ ძალად პოზიციონირებდა და საქმით "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად იქცეოდა, ყოველთვის "ქართული ოცნების" ამომრჩევლის გადაბირებას ცდილობდა. ეს კი, მისივე განმარტებით, მხოლოდ გარე სცენარის ნაწილი იყო, ისევე როგორც "ლელოსთან" გაერთიანების მცდელობა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 4 ოქტომბრის ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ.
მაჭავარიანის მხრიდან დასახელებულ არგუმენტებს არ იზიარებენ ექსპრემიერის გუნდში. გახარიას პარტიაში ამტკიცებენ, რომ ყოველთვის დამოუკიდებელი დღის წესრიგით მოქმედებდნენ და სხვა ძალებთან კავშირი არ აქვთ.
ფაქტები საპირისპიროს ადასტურებს - აცხადებენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პარტია, რომელიც პარლამენტში შესვლის მიუხედავად არ აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს, ყველანაირ საფუძველს ქმნის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის. ამ მთავარი და სხვა არაერთი არგუმენტით, უმრავლესობამ ექსპრემიერის პოლიტიკური ორგანიზაცია საკონსტიტუციო სარჩელშიც შეიყვანა.
ჯერ იყო "ნაციონალურ მოძრაობასთან" საკრებულოში შექმნილი კოალიციები, შემდეგ - კოალიციის შექმნის მცდელობა "ლელოსთან" და სალომე ზურაბიშვილის მედიატორობით ხაზარაძე-გახარიას შორის უშედეგოდ დასრულებული კონსულტაციები. რას აპირებენ პარტიები სამომავლოდ? - "ლელოში" დღეს ამ საკითხებზე საუბარი არ ისურვეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ჯერ თქვეს, რომ განსხვავებული პარტიების თანამშრომლობაში უჩვეულო არაფერია, შემდეგ კი იმავე გახარიას გუნდთან საკრებულოებში პარტნიორობა უარყვეს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, როგორც საერთო მითითებებით მოქმედმა ერთიანმა ძალამ, თავი მას შემდეგ გამოავლინეს, როდესაც ერთად დადგნენ გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონმდებლობის წინააღმდეგ. უმრავლესობის თქმით, 2028 წლისთვის ოპოზიციური ძალების სხვაგვარად დივერსიფიცირება არჩევნებში გამარჯვების შანსი ვერ იქნება, რადგან უახლოესი წარსულიც ადასტურებს, რომ ფინანსური რესურსის მობილიზაციის მიუხედავად, გარე მითითებით დაწერილი ტაქტიკა არ ამართლებს.
რა კონფიგურაციით შეხვდება ოპოზიცია 2028 წლის არჩევნებს? - ამაზე თავად პარტიები არ საუბრობენ. წინ არის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაც, რომელსაც გიორგი გახარიას პარტიაც დაემატა.