29 სექტემბერი 2026,   00:32
ვრცლად
მშვიდობიან დეოკუპაციას, ამ სამშვიდობო პოლიტიკას არავითარი ალტერნატივა არ გააჩნია. ხელისუფლების ეს სტრატეგიული დისკურსი არის აბსოლუტურად სწორი - ირაკლი ბათიაშვილი

ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, აფხაზურ საზოგადოებაში ქართველების მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულება ომის შედეგია, თუმცა ეს ურთიერთობის აღდგენის გადაულახავ ბარიერად არ უნდა იქცეს. ამის შესახებ საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში "დებატები" განაცხადა.

მისი თქმით, ისტორია აჩვენებს, რომ ომით გამოწვეული სიძულვილი დროთა განმავლობაში ქრება და მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს.

ირაკლი ბათიაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ შერიგების პროცესში მნიშვნელოვანია მუდმივი ნაბიჯების გადადგმა სპორტის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, ასევე სახალხო დიპლომატიის განვითარება. 

"ის ვითარება, რაც რეალობა არის, რომ ეს გარკვეული შინაგანი მიუღებლობა, გარკვეული სიძულვილიც შეიძლება არსებობდეს, ეს არის, რა თქმა უნდა, ამ სისხლისმღვრელი ომის შედეგი, ჩვენ ამან ილუზია არ უნდა შეგვიქმნას, რომ აქედან არაფერი არ გამოვა.

ზოგიერთი დასკვნასაც აკეთებს, ჩვენ მოგვისმენია, რომ ეს ისეთი ზიზღია, რომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია, ჩვენ გვძულს ერთმანეთი.

იცით რა, ყველა ომს მოაქვს ეს დამოკიდებულება - ნეგატიური, მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ ეს როგორც მოდის, ისე მიდის.

ევროპის ხალხებს ერთმანეთში ისეთი ომები აქვთ გადატანილი, 30 წლიანი ომიდან დაწყებული, ისეთი ხოცვა-ჟლეტები, ეს ომი ახლოს ვერ მივა იმასთან, მსოფლიო ომების, გენოციდების ჩათვლით. რა თქმა უნდა, იქ ზიზღიც იყო, სიძულვილიც იყო, ყველაფერი იყო, მაგრამ დღეს ხო ეს აღარ არის. ჩვენ ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს, ჩვენ არ უნდა შეგვიქმნას ამან კომპლექსი იმის თაობაზე, რომ ეს გადაულახავი რაღაც ზღუდეა.

რაც შეეხება თვითონ ამ საკითხს, მშვიდობიან დეოკუპაციას, მე მგონი, აქ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ სამშვიდობო პოლიტიკას დღეს არავითარი ალტერნატივა არ გააჩნია. გამორიცხულია. ამ მხრივ ჩვენი ხელისუფლების ეს სტრატეგიული დისკურსი არის აბსოლუტურად სწორი.

რა თქმა უნდა, ამას სჭირდება პერმანენტული, აქტიური ნაბიჯების გადადგმა. სპორტის სფეროში იქნება, კულტურის სფეროში იქნება, ეს იქნება განათლების და მეცნიერების სფეროში, სახალხო დიპლომატია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამედიცინო ბენეფიტებზე და შეღავათებზე რომ იყო ლაპარაკი, ეს ხომ ყველამ ვიცით, უამრავი ჩამოდის, მკურნალობს და ისიც ვიცით, რომ ის ბრუნდება აფხაზეთში, იქ ისეთი ატმოსფეროა ფსიქოლოგიური, ის აუცილებლად იქიდან მაინც ილანძღება, მაგრამ ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ აქედან დასკვნა გავაკეთოთ, რომ ამას არავითარი აზრი არ აქვს. ძალიან დიდი აზრი აქვს, ეს მაინც მუშაობს ფსიქიკაზე, ეს რჩება, მით უმეტეს, მომავალ თაობებზე, ახალ თაობებზე ეს თავის სერიოზულ კვალს, დადებით კვალს, დადებით ზემოქმედებას ჰპოვებს", - აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი.

დღის ამბები